19 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
პაატა იმნაძე ვაქცინას ხვალ მედიის თანდასწრებით გაიკეთებს - ასევე მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე ერთ-ერთი პირველები იქნებიან, ვინც ხვალ აიცრებიან​

საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის მე-4 ქვეყანაა, რომელმაც კოვაქს პლატფორმის მეშვეობით ვაქცინა მიიღო. რამდენიმე კვირიანი ლოდინის შემდეგ, ხვალიდან საქართველოში ვაქცინაცია იწყება - 43 000 დოზა AstraZeneca უკვე ქვეყანაშია. დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ის საქართველოს მასშტაბით 29 სამედიცინო დაწესებულებაში გადაანაწილა.

პირველი ეტაპი სავარაუდოდ 2 კვირას გაგრძელდება. აცრიან მედპერსონალს - ექიმებს, ექთნებს, სანიტრებს, ლაბორანტებს, მძღოლებს, რეგისტრატორებს, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულ ყველა პირს. აცრა ნებაყოფლობითია. უკვე ცნობილია იმ მედიკოსების ვინაობა, ვინც პირველები აიცრებიან.

პაატა იმნაძე ვაქცინას ხვალ მედიის თანდასწრებით გაიკეთებს, ასევე მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე ერთ-ერთი პირველები იქნებიან, ვინც ხვალ აიცრებიან​.

მხოლოდ რიგების მართვის ელექტრონულ მოდულში 43 000 მედიკოსიდან დილის მონაცემებით, 1500-მდე პირია დარეგისტრირებული. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ვაქცინაციის პირველი ეტაპი 2 კვირის ვადაში უნდა დასრულდეს.

კვირის ბოლომდე სამედიცინო დაწესებულების რაოდენობა 89-მდე გაიზრდება. ყველა კლინიკას დაახლოებით 3 ბრიგადა მოემსახურება. სამედიცინო დაწესებულებაში სპეციალური ზონაა მოწყობილი, სადაც ინეცქიის შემდეგ ვაქცინირებულს 30 წუთის განმავლობაში დაყოვნება მოუწევს. ლოდინის დრო შესაძლო გართულებების, რისკების დაზღვევის მიზნით არის საჭირო. ინექცია ორჯერ კეთდება, შუალედი ეტაპებს შორის 8-10 კვირაა. ამ პერიოდის განმავლობაში რადგან იმუნური სისტემა შედარებით სუსტდება, პრევენციული ღონისძიებების დაცვა ისევ დღის წერიგში რჩება.

მარტო თბილისში 10 სამედიცინო ცენტრია გამოყოფილი. დედაქალაქისგან განსხვავებით, აჭარის რეგიონში 9 პუნქტი იმუშავებს. 4 სამედიცინო დაწესებულებაა ბათუმში, 5 კი რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში. ლუგარის ლაბორატორიამ აჭარაში 3 980 დოზა ვაქცინა გააგზავნა.

1 100 დოზა ვაქცინა ჩაიტანეს გურიაში. პრეპარატი გადანაწილდა ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის სამედიცინო დაწესებულებებში.

"ასტრაზენეკა" უკვე ჩაიტანეს ფოთშიც. 400 დოზა ქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრშია დასაწყობებული. იმერეთში კი 5 550 დოზა ვაქცინა რეგიონების მიხედვით გადანაწილდა.

კოვიდ ვაქცინის გადანაწილება დაიწყო შიდა ქართლშიც - 2 600 დოზა ვაქცინა კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში უკვე გადანაწილდა.

დღის ამბები