სამოქალაქო სექტორი ბათუმის ბულვარში მიმდინარე მშენებლობას ისევ აპროტესტებს.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა, საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ბათომის" სახელით, ბათუმის ბულვარში 19 სართულიანი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობაზე გაცემული ნებართვის კანონიერების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციის გაცემის თხოვნით სახალხო დამცველს უკვე მიმართა.
როგორც EMC-ის წარმომადგენლები აცხადებენ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა და ზიანს აყენებს ბათუმის ბულვარს.
"ჩვენი დავა შეეხება იმას, რომ ისტორიული ძეგლი დავიცვათ და ჩვენ ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ. თუ საჭირო გახდა სასამართლოსაც მივმართავთ, თუმცა, ამ ეტაპზე ვართ სამინისტროში და იმედი გვაქვს, რომ გაზიარებული იქნება ჩვენი მტკიცებულებები, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმას, რომ ეს ბრძანება გაუქმდეს," - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა.
საკითხს გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრი არმაზ ახვლედიანი. მისი თქმით, ბათუმის ბულვარი არის კულტურული მემკვიდრეობის, სადაც მშენებლობა არ შეიძლება.
"ბათუმის ბულვარი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. იქ მშენებლობა არ შეიძლება. შესაბამისად, ნებართვის გამცემი, მისი მხარდამჭერი და შემდეგ უკვე მინისტრი, რომელიც ამ ნებართვას არ აუქმებს, ყველა არღვევს კანონს. მე სხვებთან ერთად ვაპროტესტებ ჩვენი კანონმდებლობის ფეხქვეშ ამგვარ გათელვას," - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" წევრმა არმაზ ახვლედიანმა.
აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში აჭარის კულტურის სამინისტროში მიმდინარეობს საკითხის განხილვა.
"დღეს დანიშნულია ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც გამოცხადებული არიან მხარეები. გავიარეთ შუამდგომლობების დაყენების ეტაპი, შუამდგომლობები დაკმაყოფილდა," - განაცხადა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა თამარ სირიამ.
კომპანია "ამბასადორის" დირექტორი კი აცხადებს, რომ "ამბასადორი ბათუმმა" ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა ყველა იმ დოკუმენტაციით, რომელიც საჭირო იყო და შესაბამისად მიიღო ნებართვა.
"დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს აღნიშნული შენობა-ნაგებობის განვითარება და არა ცარიელ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება. როგორც პრაქტიკამ მიგვითითა "ამბასადორი ბათუმმა" ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა ყველა იმ დოკუმენტაციით, რომელიც საჭირო იყო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პროექტზე სამშენებლო ნებართვის მიღებისათვის," - აღნიშნა კომპანია "ამბასადორის" დირექტორმა გოჩა კამკიამ.