ხურვალეთში საოკუპაციო ზოლზე მცხოვრებმა დათა პაპამ სიკვდილის წინ მეუღლეს ანდერძი დაუტოვა, სადაც წერს, რომ სახლი არ მიატოვოს.
"დამიბარა - არ დატოვო ჩვენი სახლი, აქ დაჯექი "ფეჩის" გვერდზე და იყავი, ქართველები მოგხედავენ, ეგენი არ გაგიჭირვებენო," - უთხრა "კურიერს" დათა ვანიშვილის მეუღლე ვალია ვანიშვილმა.
დათა ვანიშვილი 86 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა. დათა ვანიშვილის გარდაცვალებას შიდა ქართლის გუბერნატორი გამოეხმაურა. მამუკა საღარეიშვილის თქმით, სამხარეო ადმინისტრაცია მზად არის დაკრძალვისთვის ყველა საჭირო საკითხი უზრუნველყოს.
"ვწუხვარ დათა პაპას გარდაცვალების გამო და ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. დათა პაპა ყოველთვის დარჩება ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ, როგორც ღირსეული და უშიშარი ადამიანი.
სამხარეო ადმინისტრაცია და გორის მუნიციპალიტეტის მერია ოჯახთან კომუნიკაციაშია და მზადაა დაკრძალვისთვის ყველა საჭირო საკითხი უზრუნველყოს,"-აღნიშნავს მამუკა საღარეიშვილი.
დათა ვანიშვილი ხურვალეთში, ბობნევის უბანში, სწორედ იმ ადგილას ცხოვრობდა, სადაც ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი მავთულხლართები გაავლეს, რის შედეგადაც მისი ეზო ორად გაიყო, თავად სახლი კი მავთულხლართებს მიღმა მოექცა.
ვანიშვილს მავთულხლართების მეორე მხრიდან უწევდა კომუნიკაცია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილ პირებთან, მათ შორის არაერთი ქვეყნის პრეზიდენტსა და საერთაშორისო მისიის წარმომადგენელთან, რომლებიც ადგილზე სიტუაციის გასაცნობად იმყოფებოდნენ.