19 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
ცრუ ხარ, არ დაგიმტკიცებია მეუფე პეტრეს შვილი რომ ჰყავს დაგიქნევთ ყველას, თქვე არაკაცებო - დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში

ხმაური ჭყონდიდის ეპარქიაში - ბალდის მონასტერში სასულიერო პირებსა და ეპარქიის ახალ მმართველს, მიტროპოლიტ სტეფანეს (კალაიჯიშვილს) შორის ისევ დაპირისპირება იყო.

ამჯერად მიტროპოლიტმა სტეფანემ წირვა ბალდის მონასტერში ჩაატარა, რის შემდეგაც სასულიერო პირებმა მას მეუფე პეტრესთან დაკავშირებულ ბრალდებებზე პასუხის გაცემა და ამ საკითხის გარკვევა კიდევ ერთხელ მოსთხოვეს. მათი თქმით, მიტროპოლიტმა სტეფანემ ყოფილ მღვდელმთავარ პეტრე ცაავას დააბრალა, რომ შვილი ჰყავს და ის არაეკლესიურად ცხოვრობდა.

ამის შემდეგ მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, საბოლოოდ კი, სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილმა მეუფე გააცილა შეძახილებით "ცრუ, ცრუ" და ასევე, "ცრუ ხარ, არ დაგიმტკიცებია მეუფე პეტრეს შვილი რომ ჰყავს, დაგიქნევთ ყველას, თქვე არაკაცებო."

"ვაპირებდი დახვედრას და თქმას იმისას, რომ ჩვენ გულის ტკივილი გვქონდა მის ტყუილებთან, სიცრუეებთან, რამეთუ საპატრიარქოს ტელევიზიის ინტერვიუში ის ამბობდა, რომ მეო არ ვიცოდიო, თუ ადამიანები აივნიდან გადაცვივდნენო. არადა მე ვიყავი პირადად მისული და ვუთხარი, მეუფე, ხალხი გადაცვივდა აივნიდან, იხოცებიან-თქო და არ მომაქცია ყურადღება. სამჯერ გამიმეორა დღეს, გამწარებული იყო ამ ჩემს ნათქვამზე - გასწორდა და გალობა დაიწყო-თქო, ნამეტანი არ მოსწონებია.

მე მოვთხოვე მას, რომ დაამტკიცოს, რაც თქვა, შემდეგ ასე მითხრა - მტყუანსო," - განაცხადა არქიმანდრიტმა, ბალდის მამათა მონასტრის წინამძღვარმა მამა ათინოგენემ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. სიტუაციას დაპირისპირებულ მხარეებს შორის სამართალდამცველები აკონტროლებდნენ.

ამ დროისთვის ეპარქიაში სიტუაცია განმუხტულია.

 

დღის ამბები