აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ვაქცინის შეთავაზებაზე უარს ამბობს და ამას მორიგ პიარაქციას უწოდებს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხს sputnik-abkhazia ავრცელებს.
"ეს საქართველოს ხელისუფლების მორიგი პიარაქციაა, ჩვენ არ გვჭირდება საქართველოს და მისი ხელისუფლების დახმარება და არ ვაპირებ მათი წინადადების განხილვას. მოსახლეობის ვაქცინაციის საკითხში ჩვენ დახმარებას ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი რუსეთის ფედერაცია აღმოგვიჩენს. მალე აფხაზეთში დაიწყება მოსახლეობის ვაქცინაცია რუსი მეცნიერების მიერ შექმნილი ერთ-ერთი ვაქცინით. ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ჩვენს რუს მეგობრებთან. რუსული ვაქცინის ეფექტურობა უკვე დადასტურებულია პრაქტიკაში. რაც შეეხება ქართული მხარის წინადადებას, ჩვენ არც კი ვაპირებთ მის განხილვას. ჩვენ არ ვაპირებთ სხვა ქვეყნებში შექმნილი ვაქცინები მივიღოთ," - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობაც აცრას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით. მისი თქმით, ვაქცინაცია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე განხორციელდება, ამ მოქალაქეებისთვის გაიხსნება ფანჯრები, სადაც შეძლებენ ვაქცინაციის ჩატარებას და მათთვის რეგისტრაციის მოდული არ იქნება სავალდებულო.