გუმათში, სადაც ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს, კარავი გაშალეს. აქციის ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის თქმით, შეიქმნა ახალი ლოკაცია, სადაც მოქალქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ე.წ.კომენდანტის საათის დროს დარჩნენ.
ადგილზე ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები, რომლებიც ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების განახლებას აპროტესტებენ, გუმათში არიან შეკრებილები. ისინი ნამოხვანში გადაადგილებას ითხოვენ, რის საშუალებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ.
როგორც აქციის მონაწილეებს პოლიციის ხელმძღვანელმა განუცხადა, ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, ამ რაოდენობის ადამიანებს ხეობაში ვერ შეუშვებენ. მისი თქმით, როგორც კი საფრთხე მოიხსნება, გადაადგილების შეზღუდვა გაუქმდება.
ადგილზე, მოქალაქეებთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან, იქვე არის სახალხო დამცველის დასავლეთ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, რომელიც გამოეხმაურა კომპანიის მიმართვას და განაცხადა, რომ ყველა მხარეს შეხვდებიან და შეისწავლიან პროცესს, რის შემდეგაც ანგარიში გამოქვეყნდება.