19 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
მზად ვართ საჯაროდ განვიხილოთ ყველა დოკუმენტი - "ენკას" მენეჯერი ნამოხვანჰესთან დაკავშირებით დიალოგისთვის მზაობას გამოთქვამს

კომპანია "ენკას" აღმასრულებელი მენეჯერი ნამოხვანჰესთან დაკავშირებით დიალოგისთვის მზაობას გამოთქვამს.

"აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და ეს არ შეჩერდება. რაც შეეხება პარალელურად კომუნიკაციას, ცივილური ფორმით ღიად საუბარს იმ პრობლემებზე, რომელიც შეიძლება აწუხებდეს ამა თუ იმ მოქალაქეს, ჩვენ ახლაც ვადასტურებთ მზაობას, რომ დავსხდეთ, ღიად წარმოვადგინოთ და საჯაროდ განვიხილოთ ყველა ის დოკუმენტი, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ძალიან დიდი არის სოციალური პაკეტი, რომელსაც კომპანია გეგმავს, განახორციელოს და მათი ჩართულობის გარეშე რთული იქნება ამ გადაწყვეტილების მიღება," - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

აღსანიშნავია, რომ გუმათში, ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეებმა კარავი გაშალეს. ორგანიზატორების ინფორმაციით, შეიქმნა ახალი ლოკაცია, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ე.წ. კომენდანტის საათის დროს დარჩნენ.

საზოგადოებრივი მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ამბობს, რომ თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, საპროტესტო აქციები მასშტაბურ სახეს მიიღებს.

რიონის ხეობაში მეორე დღეა საპოლიციო ძალები არიან მობილიზებულნი, დღეს კი ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის წევრებიც გამოჩნდნენ.

დღის ამბები