ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმი-ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ვინაიდან კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინები ახალია, ბევრი კვლევა და დაკვირვებაა საჭირო. სწორედ ამიტომ არის საჭირო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომელიც ყოველთვის უფრო ვალიდურია.
ოთარ ჩოკოშვილის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესის დროს პაციენტი ინფორმირებული უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა რაიმე ალერგიული რეაქცია ვაქცინის კომპონენტებზე. შესაძლებელია ვაქცინამდე დამატებით საჭირო გახდეს ალერგოლოგის კონსულტაციის ჩატარება.
მეორე, რაც უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა ვაქცინაციამდე, არის ის, რომ პაციენტი მწვავე დაავადებების გამწვავების სტადიაში არ უნდა იმყოფებოდეს.
"რაც შეეხება ამ პროცესს, თუ რა უნდა ვიცოდეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა და აქ უნდა გამოიყოს ორი ძირითადი მიმართულება სამედიცინო ჩვენებებისა.
ეს არის ალერგიული დაავადებები: თუ ადამიანს მანამდე, წინა ვაქცინაციაზე აღენიშნებოდა ალერგია ვაქცინის შემადგენელ კომპონენტებზე ამ ნებისმიერ ცხოვრებისეულ მომენტში, როდესაც ამ კომპონენტებთან ჰქონდათ შეხება, ასევე თუ ადამიანს აღენიშნებოდა ანაფილაქსიური რეაქცია რომელიმე სხვა მედიკამენტზე, თუნდაც საკვებზე, ასეთი ადამიანები ვაქცინაციისთვის სიფრთხილის ზონას მიეკუთვნებიან და ასეთი ადამიანები უფრო მეტი ყურადღებით უნდა იყვნენ და მათთვის შესაძლოა დამატებით საჭირო გახდეს ალერგოლოგის კონსულტაციების გატარება, რომ ვაქცინაციის ჩატარების ნება მიეცეთ.
მეორე მომენტი ეს არის, როდესაც ადამიანს თანმხლები დაავადებები ან ქრონიკული დაავადებების გამწვავებები აქვს, ან მწვავე დაავადება, ადამიანი არ უნდა იმყოფებოდეს მწვავე დაავადების გამწვავების სტადიაში, თუნდაც გაციება, რომელიც ტემპერატურით მიმდინარეობს. ეს ყველაფერი უნდა იყოს გამორიცხული. თუ ამ მხრივ დაცულები ვართ, მაშინ სპეციალური სხვა განსხვავებული გაფრთხილებები არ არის საჭირო, იქ ყველგან არის ექიმი, რომელიც დამატებით უკვე ყველა დანარჩენ კითხვას თვითონ დასვამს და შეაფასებს თუ რამდენად ეკუთვნის ამ ადამიანს აცრა," - განაცხადა ოთარ ჩოკოშვილმა.