ნამოხვანში სამართალდამცველებმა კარვების დაშლა დაიწყეს - ნამახვან ჰესის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეები გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, თუმცა პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
პოლიცია მიზეზად უსაფრთხოებას ასახელებს. უწყების განცხადებით, რიონის წყლის დონე სასიგნალო ნიშნულს აღემატება. მოსალოდნელია წყლის დონის მატება, რამაც შესაძლოა მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საფრთხის თავიდან აცილების და აქციის მონაწილეთა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, უწყებამ გადაწყვიტა საფრთხის შემცველი ზონიდან კარვების გატანა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.
"კურიერთან" საუბარში აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსი არ სჯერათ, თუმცა მიუხედავად ამისა, არ აპირებენ სამართალდამცავებს რაიმე ფორმით წინააღმდეგობა გაუწიონ. მიუხედავად ამისა, აცხადებენ, რომ მათი პროტესტი გაგრძელდება და მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.
"სადაც ჩვენი კარვები დგას რიონი იქ არ შემოსულა რამდენიმე ათწლეულია. არ ვიცი რა კვლევებით სარგებლობს შინაგან საქმეთა სამინისტრო როცა ამბობს, რომ რიონის დონემ აიწია იქამდე, რომ შეიძლება ჩვენი კარვები წალეკოს.
წყლის დონის მომატება არის აბსოლუტურად მოგონილი პროცესი, ეს არის ყანა ერთ-ერთი ჩვენი თანამებრძოლის, რომელიც არის სახნავ-სათესი მიწა. იქ არასდროს წყალი რიონიდან არ შემოსულა. ყველა ვხედავთ რიონს, რომ დღეს რამე განსაკუთრებული არ ხდება და ეს არის მოგონილი და უბრალოდ საბაბი იმისთვის, რომ კარვები დაგვიშალონ.
რაც შეეხება ჩვენს პროტესტს თუ როგორ გავაგრძელებთ მას, რა თქმა უნდა ყველანი მოვდივართ აქ და ვდგებით, სადაც გადაგვიკეტავენ ამ გზას - იქ დავდგებით," - აცხადებს მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი.
ამასთან, აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს იმაში ადანაშაულებენ, რომ კარვებში ალკოჰოლური სასმელის ჩადება ხდება, რაც მიუღებელია. მთელი დღის განმავლობაში აქციის მონაწილეები აკეთებდნენ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათ შინაგანაწესით აკრძალული აქვთ ალკოჰოლური სასმელის მიღება.
კარვების დემონტაჟი სოფელ ნამოხვანში მიმდინარეობს. მედია საშუალებებს ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება ჯერჯერობით არ გააჩნიათ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე სიტუაცია არ არის დაძაბული.
რაც შეეხება კარვის მობინადრეებს, ისინი ტერიტორიის დატოვებას ჯერჯერობით არ აპირებენ, თუმცა სამართალდამცავებს კარვების დემონტაჟის უფლებას აძლევენ.