19 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
აკრძალული თავყრილობები და ახალი კლასტერები თბილისში - 22 000 ლარიანი ჯარიმა რეგულაციის დარღვევის გამო

ქვეყანაში ბრიტანული შტამის აქტიური გავრცელება დაიწყო - კორონავირუსის ძველი და უკვე ცნობილი ქვეტიპი შესაძლოა სულ მალე ახალმა სრულად ჩაანაცვლოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირების 50-70% დღეს უკვე ბრიტანული შტამია, რომელიც რეკორდული სისწრაფით ვრცელდება როგორც მსოფლიოში, ახლა უკვე საქართველოშიც. პარალელურად ჩნდება და რამდენჯერმე უფრო სწრაფად იზრდება ახალი ე.წ. კლასტერები, რისი მიზეზიც, უკანონო წვეულებებია.

ფასადური პრევენციული პოსტერების მიღმა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მრავალრიცხოვანი ღონისძიებები იმართება. აკრძალვების და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად ასობით ახალგაზრდა ყოველ უქმეებზე ერთ სივრცეში იკრიბება. მიმდებარე ტერიტორიას ბახუსის კვალი დღეს დილითაც ეტყობოდა. "კურიერის" გადამღებ ჯგუფს გუშინდელ შეკრებაზე მყოფი პირები დღესაც ადგილზე დახვდნენ. ობიექტი ახლა უკვე დალუქულია.

შრომის ინსპექციის სამსახურმა დანაშაულებრივი სქემა გაშიფრა და ფართომასშტაბიანი აკრძალული სოციალური ღონისძიების გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა - მეიჯარეს და ორ ფიზიკური პირს ერთად 22 000 ლარის ჯარიმა დააკისრა.

მობილობის გაზრდა რომ პირდაპირ დაკავშირებულია ინფიცირებულთა რაოდენობის მატებასთან, ამაზე სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიც მეტყველებს. 

ვირუსის გავრცელების ყველა ინდიკატორი მომატებულია - გაიზარდა ინფიცირებულთა ჯგუფები, ე.წ. კლასტერების რაოდენობა უკვე 16-ს შეადგენს.  

სკოლებში უსაფრთხოებაზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდა. ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით სრულ დისტანციურ სწავლებაზე 43 სკოლა, 174 ცალკეული კლასი და 98 მასწავლებელი იმყოფება.

გაიზარდა ზეწოლა სამედიცინო დაწესებულებებზე - 3 000-მდე პაციენტი მკურნალობს სამედიცინო დაწესებულებებში. სამეგრელოში ოთხი კოვიდკლინიკიდან თავისუფალი საწოლი მხოლოდ 119 დარჩა. იგივე მდგომარეობაა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და თბილისშიც, მაგალითად, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც დღეს პაციენტის მისაღებად უკვე არცერთი ადგილი არ ჰქონდათ.

დღის ამბები