რა მოხდა 18 მარტს ახალციხის კლინიკა "იმედში" - ვაქცინაციის პროცესი და შემდგომ განვითარებულ მოვლენები საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში აღდგება. მასში ყველა ის პირი ჩაერთვება, ვინც იმ დროს ადგილზე იმყოფებოდა.
პარალელურად, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ოჯახის ადვოკატები საგამოძიებო უწყებისგან დღეს საქმის ახალ მასალებს ელოდებიან. საუბარია ვიდეოჩანაწერებსა და იმ ფლაკონზე, რომელის შიგთავსითაც ექთანი აცრეს.
მეგი ბაქრაძე 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მისი მდგომარეობა კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ დამძიმდა, რომელიც ახალციხეში, კლინიკა "იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა.
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გარდა 116-ე მუხლისა, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, გამოძიება 370-ე მუხლის მეორე ნაწილითაც (ცრუ ჩვენების მიცემა) მიმდინარეობს. ცრუ ჩვენების მუხლით ბრალი ორ ექიმსა და ერთ ექთანს აქვს წარდგენილი და მათ სასამართლომ 3000-3000 ლარიანი გირაო შეუფარდა.