ადიგენის სოფელ მოხეში, სადავო შენობის გარშემო განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული თემურ მიქელაძე, პროკურატურამ შვიდი წლის შემდეგ დაზარალებულად ცნო. ორ სამართალდამცველს კი ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით.
ბესიკ აფრიამაშვილი და გიორგი პეტაშვილი, რომლებიც მოხეში მომხდარ ინციდენტს იძიებდნენ, რამდენიმე წელია შსს-ში აღარ მუშაობენ. სასამართლომ თითოეულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 4 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.
გიორგი პეტაშვილის ინტერესებს ნოდარ აკოფაშვილი იცავს, რომელმაც ბრალის წარდგენამდე ორივე პირი გამოიკითხა. ადვოკატის თქმით, შვიდი წლის შემდეგ ბრალის წარდგენა, გამოძიების ეფექტურობაზე არ მიუთითებს, რადგან სისხლის სამართლის დანაშაული დაჩქარებულ ვადებში უნდა გამოიძიონ.
დაზარალებულის სტატუსი მოულოდნელი აღმოჩნდა თემურ მიქელაძისთვისაც. მისი თქმით, 2014 წელს, დაკავებისას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მისი კვალი აშკარა იყო. წინასასამართლო სხდომა 15 ივნისს ჩაინიშნა.