კასპში 13 მარტს მომხდარ სასტიკ მკვლელობაში დანაშაულის ახალი კვალი იკვეთება.
29 წლის ქალს გამოძიება სხვა ბრალდებას უყენებს, მოკლულის დედა კი უფრო მძიმე დანაშაულში ამხელს. მისი ვერსიით, 29 წლის ქალმა ჯერ ქმრის მკვლელობა დაგეგმა, მოგვიანებით კი, გადაწყვეტილება ოჯახის ახლობელთან ერთად სისრულეში მოიყვანა. მოკლულის დედა ვარაუდობს, რომ 33 წლის მამაკაცს ყელი საკუთარ სახლში ძილის დროს გამოსჭრეს, ცხედარი კი სასაფლაოზე დატოვეს. ნოდარ ღუნაშვილი მკვლელობიდან მეორე დღეს მწყემსმა იპოვა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველები კი მოკლულის ცოლს, 29 წლის ქეთევან ჩხაიძეს, სავარაუდოდ, მძიმე დანაშაულის დაფარვასა და შეუტყობინებლობას ედავებიან. ის საკუთარი მშობლების სახლში, თბილისში დააკავეს. ჩატარდა ჩხრეკის ოპერაციაც.
თვე-ნახევრის წინ მომხდარი საზარელი მკვლელობისთვის გარდაცვლილის მეგობარი ზურაბ კახიშვილია დაპატიმრებული. მოკლული ნოდარ ღუნაშვილის მეუღლეს კი ბრალს უახლოეს 40 საათში წარუდგენენ. დანაშაულის შეუტყობინებლობის დამტკიცების შემთხვევაში, ქეთევან ჩხაიძეს 6 წლიანი პატიმრობა ემუქრება.