01 სექტემბერი 2026,   00:34
ვრცლად
პატრიარქი წინააღმდეგია მეუფე პეტრეს მიმართ რადიკალური ზომების მიღებისა, მე ვიზიარებ პატრიარქის პოზიციას - მიტროპოლიტი გრიგოლი

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი გვიან ღამით აღდგომის სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მისი შეფასებით, არსებული პრობლემები შეიძლება კიდევ უფრო გამძაფრდეს. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა ეკლესიის წიაღში უნდა მოხდეს.

"ასეთი დაპირისპირებებით რომ პრობლემები არ წყდება, თქვენ მოგეხსენებათ. პრობლემები შეიძლება კიდევ უნდა გამძაფრდეს და კიდევ უფრო მწვავე ხასიათი მიიღოს. მე იმედი მაქვს და მჯერა, იქ მოხდება ამ საკითხებზე მსჯელობა და ჩაწყნარება, სადაც რეალურად უნდა მოინახოს ამისი გზები და ქუჩაში ეს არ ხდება, ეს უნდა მოხდეს ეკლესიის წიაღში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილი გახდა კათოლიკოს-პატრიარქი წინააღმდეგია მეუფე პეტრეს მიმართ რადიკალური ზომების მიღებისა, პრინციპულად, მაგრამ არსებობს სხვა აზრიც და იმედი მაქვს , რომ ჯერჯერობით პატრიარქი იმდენად მყარად დგას, რომ შეუძლია თავისი პოზიცია დაიცვას კიდევაც, მე ვიზიარებ კათოლიკოს-პატრიარქის პოზიციას ამ მხრივ,"- განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

ფოთისა და ხობის ეპარქიის მმართველმა, კითხვაზე, უნდა ჩაერიოს თუ არა საპატრიარქო, მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ საპატრიარქო ისედაც ჩართულია.

"ჩარეული არ არის, აბა რა არის? მე რამდენადაც ვიცი, ტელევიზიით მოვისმინე, რაღაც განცხადებები კეთდება ხოლმე და დეტალებში მე არ ვიცი,"- აღნიშნა მიტროპოლიტმა გრიგოლმა

მიტროპოლიტის თქმით, ის რაც ჭყონდიდის ეპარქიაში ხდება მთელი ერის წუხილია.

"რა თქმა უნდა სამწუხაროა ის, რაც მოხდა და კარგი იყო არ მომხდარიყო, ეს ჩემი კი არა, მთელი საქართველოს წუხილი არის. ვისურვებდი, რომ ასეთი რამ ნაკლებად იყოს, ან საერთოდ არ იყოს. მეტი ურთიერთგაგება იყოს ჩვენს შორის, ადამიანებს შორის, ქრისტიანებს შორის. იმედი მაქვს, რომ მაინც უნდა დალაგდეს მდგომარეობა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ჩვენს გარეშე არ მოხდება,"- აღნიშნა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.

შეგახსენებთ, ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირების დაწყება ეპარქიის მმართველის ცვლილებას უკავშირდება, ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა სინოდმა დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიაში დაადანაშაულა და ეპარქიის მმართველობა ჩამოართვა. პეტრე ცაავას მხარდამჭერები გადაწყვეტილებას უსამართლოდ მიიჩნევენ და საპატრიარქოსგან ითხოვენ, რომ ან პეტრე ცაავას დანაშაული დაამტკიცონ, ანდა ის ეპარქიაში დააბრუნონ. ეპარქიის ახალ მმართველს სტეფანე კალაიჯიშვილს სასულიერო პირების ნაწილი არ ემორჩილება და მას უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს.

დღის ამბები