31 აგვისტო 2026,   23:43
ვრცლად
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმე - რა ახალ დეტალებს ასაჯაროებს გამოძიება

დაურ ბუავას საქმეზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურა უკრაინის მოქალაქეს ბუავას განსაცდელში მიტოვებას ედავება. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს გამოძიების ფარგლებში დაკავებული კიდევ ორი პირისთვის, რომლებსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის აქვთ ბრალი წარდგენილი.

გუშინ უწყებამ, მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ბლოგერის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსა და ლიფტის ვიდეოჩანაწერები გამოაქვეყნა. ვიდეომასალითა და მისი მეგობარი ქალის ჩვენებით ირკვევა, რომ 23 აგვისტოს მასთან მისულ უკრაინის მოქალაქეს თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება მეთადონი, რომელიც მან ბუავასთან ერთად მოიხმარა. ბრალდებული ადასტურებს იმასაც, რომ ბუავამ ნარკოტიკულ საშუალებასთან ერთად ალკოჰოლიც მიიღო, რასაც საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზაც ადასტურებს. ვიდეოკამერების ჩანაწერებში ჩანს ისიც, რომ გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერის სახლს დიღომში ბრალდებული ქალი 25 აგვისტოს, დილის 9:43 საათზე, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ უგონო მდგომარეობაში ტოვებს. პროკურატურა საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოკვლევას განაგრძობს.

დაკავებული უკრაინელი ქალის ადვოკატმა საქმის დეტალებზე საუბრისგან დღეს თავი შეიკავა. თქვა, რომ ბუავას მეგობარი ქალი, რომელმაც ნარკოტიკული საშუალება მეთადონი, გამოძიების ინფორმაციით, ბლოგერთან ერთად მისივე სახლში რამდენჯერმე მოიხმარა, შემდეგ კი ის მიატოვა, ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.

ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, ბუავას გარდაცვალების დღიდან ოპოზიციამ აქტიური კამპანია დაიწყო. ოპონენტები და მათთან დაკავშირებული აქტივისტები ბუავას გარდაცვალებას მკვლელობად ნათლავდნენ. უკავშირებდნენ რუსულ სპეცსამსახურებს და ხელისუფლების დისკრედიტირებას ცდილობდნენ. განსხვავებული მტკიცებულებების გამოაშკარავების შემდეგ კი ნაწილი კვლავ, ფაქტების გარეშე, გამოძიებას ეჭვქვეშ აყენებს, მეორე ნაწილი კი აქტივისტებისგან დისტანცირებას ცდილობს.

ანტისახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული განცხადებები - ასე აფასებს სახელისუფლებო პარტია ოპონენტების პოზიციას ნარკოტიკული ზედოზირებით გარდაცვლილი პირის შესახებ. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ დაურ ბუავას საქმე ოპოზიციის ლუსტრაციის მორიგი მაგალითია და ადასტურებს, რომ პოლიტიკურ აქტორთა ნაწილი მზადაა, ქვეყანა ნებისმიერ ფასად დააზიანოს.

დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამი პირია დაკავებული. ბლოგერის მეგობარ გოგონას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით ედება, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს. დაკავებულ კიდევ ორ პირს გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებას ედავება.

დღის ამბები