30 შეკვრა მეფედრონი ნარკოდანაშაულში ბრალდებულმა მცირე ზომის ყუთში მოათავსა და ტყის მასივში, ხესთან დამალა. ე.წ. მკვდარი ნარკოტიკის სამალავთან, კლიენტის ნაცვლად, პოლიცია მივიდა და ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ფაქტი აღკვეთა.
"კურიერის" ინფორმაციით, სამალავის კვალზე სამართალდამცველები ე.წ. დამკავებლებმა მიიყვანეს.
საგამოძიებო ექსპერიმენტამდე, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საპოლიციო ღონისძიება ჩატარდა. სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 41 წლის მამაკაცი გადაამოწმეს და მისგან ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. მალევე ჩხრეკა გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე გაგრძელდა, იმ ბინაში, სადაც თურქეთის მოქალაქე ქირით ცხოვრობდა.
ნარკოდანაშაულის დამადასტურებელი ნივთმტკიცებები დროებითი საცხოვრებელი ბინიდანაც ამოიღეს. "კურიერის" ინფორმაციით, მამაკაცი მეფედრონის, "მდმას", "კლეფედრონისა" და "კეტამინის" რეალიზაციას უწყობდა ხელს.
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ქალიც. ის საქართველოს მოქალაქეა და მის საქმეში განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეთადონი ფიგურირებს.
41 წლის ქალს ხელბორკილები საკუთარ ბინაშივე დაადეს. პოლიციამ სახლიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო.
მეთადონის, მეფედრონის, "მდმას", „კლეფედრონისა“ და „კეტამინის“ გავრცელების წინააღმდეგ საპოლიციო ღონისძიებები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს. საგამოძიებო მოქმედებების დროს სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების დასაფასოებლად საჭირო მოწყობილობებიც ამოიღეს.
თურქეთისა და საქართველოს დაკავებულ მოქალაქეებს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა. ორივე მათგანი წინასწარ პატიმრობაშია. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.