ჭყონდიდის ეპარქიაში სააღდგომო ღვთისმსახურება მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა აღავლინა. ლიტურგიას, მრევლთან ერთად, საპატრიარქოს ჩოხოსნები დაესწრნენ, რომლებმაც ჟურნალისტებს უთხრეს, რომ მეუფე სტეფანეს გვერდში უდგანან.
რაც შეეხება კოვიდრეგულაციებს, ლიტურგიის დასაწყისში დისტანცია დაცული არ იყო, თუმცა, მოგვიანებით, ტაძარში წირვა შესაბამისი წესების დაცვით ჩატარდა. მრევლმა ეკლესია კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ დატოვა.
"მხოლოდ ქრისტეს აღდგომამ მისცა ადამიანებს საშუალება სიკვდილის მარწუხებისგან დახსნისა. ვინც ამას ვერ ხვდება, მიხვდება, როდესაც სიკვდილი მოუწევს, იმიტომ, რომ ეს სიკვდილი გარდუვალია, მაგრამ თუ ის სიკვდილი შენ აღდგომის იმედით მიიღე, და თუ შენ გწამს ქრისტე, რომელიც მკვდრეთით აღდგა, მაშინ ის სიკვდილი შენთვის აღდგომის ტოლფასია და სასუფეველში დამკვიდრების გზაა. აღდგომა რომ არ იყოს, არ იქნებოდა იმედი. წარმოიდგინეთ, სიკვდილი რომ მეფობდეს, რისი იმედი უნდა გქონდეს და რატომ გაქვს იმედი - იმიტომ, რომ ქრისტე სიკვდილზე გამარჯვებულია,"-განაცხადა მიტროპოლიტმა ქადაგებისას.