კომპანია "ენკა" ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს. პროექტი, როგორც მენეჯერები ამბობენ, ერთ-ერთ მთავარ მიზნად მითების ნგრევას ისახავს.
დღევანდელ პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ მაღალი ინტერესის ფონზე ხშირია საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობები და არასწორი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები, რასაც ამ დრომდე კომპანია აქტიურად არ პასუხობდა. ამჯერად "ენკა" მზადყოფნას გამოთქვამს, რომ აქტიური დისკუსია გახსნას, მათ შორის პროექტის მოწინააღმდეგეებთან.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთოს საზოგადოების ყველა ჯგუფი და ჩვენ შევძლოთ, რომ ჩვენი ხმა მივიტანოთ საზოგადოების ყველა დაინტერესებულ მხარესთან.
ძალიან მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ისიც, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს აპროტესტებენ ამ პროექტს, ჩაერთონ ამ დისკუსიებში და საგნობრივ განხილვებში მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად და შევაფასოთ რეალურად ამ პროექტის ღირებულება ქვეყნისთვის, ეკონომიკისთვის და ენერგოდამოუკიდებლობისთვის," - აცხადებს კომპანია "ენკა-ს" დირექტორი და "ნამახვანჰესის" პროექტის ხელმძღვანელი მერაბ ლომინაძე.