საქალაქო სასამართლო 14 მაისს "რუსთავი 2-ის" საქმეზე ტელეკომპანიის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის სარჩელის განხილვას დაიწყებს. დღეს კი მოსარჩელე მხარემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და იმ ახალ გარემოებებზე ისაუბრა, რომელსაც სასამართლოს წარუდგენენ.
ტელეკომპანიის დამფუძნებლები ამბობენ, რომ "რუსთავი 2" "Prime Time-თან" მედია ჰოლდინგად უკანონოდ ჩამოყალიბდა.
აქიმიძე და დვალი სამართლებრივი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ. როგორც დავით დვალმა განაცხადა, მათი სარჩელი 2015 წელს სასამართლოში ქიბარ ხალვაშის მიერ შეტანილ სარჩელს იმეორებს.
"ჩვენი სარჩელი ერთი ერთზე იმეორებს იმას, რაც ქიბარ ხალვაშმა თავის დროზე 2015 წელს შეიტანა სასამართლოში. დავის საგანი არის იგივე. 1,5 წელი, რომელიც დასჭირდა ახლა სასამართლოს, რომ პირველი სხდომა, როგორც იქნა, დაენიშნა, 1,5 წლის განმავლობაში ქიბარ ხალვაშს სამივე ინსტანცია გავლილი და მოგებული ჰქონდა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, სასამართლომ არ დანიშნა სხდომა მანამდე, სანამ ეს სქემა შემუშავებული არ იქნა," - აცხადებს დავით დვალი.
"რუსთავი 2-ის" ამჟამინდელი დირექტორი საქმის გარშემო საუბარს სასამართლო სხდომებზე აპირებს.