მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირებების შესახებ საუბრობს, რომელიც როგორც ტაძრის შიგნით, ასევე მის გარეთ განვითარდა. კითხვაზე - ვის ინტერესშია არეულობა ჭყონდიდის ეპარქიაში - მიტროპოლიტი ამბობს, რომ კონკრეტულ პირებს ვერ დაასახელებს, თუმცა ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს.
"მე კონკრეტულად ვერ დავასახელებ, თუმცა მე გარკვეული აზრი მაქვს ამასთან დაკავშირებით. მე უკვე ვთქვი, რომ ესენი არიან სათამაშოები. ანუ, ისინი თავად არიან მართული ადამიანები, რომლებსაც თვითონაც შეიძლება არ აქვთ გათვითცნობიერებული, თუ რას აკეთებენ. თუმცა, არის ის ძალები, რომლებსაც აქვთ ინტერესი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გახლეჩისა და შეიძლება ამის გამოყენებისა როგორც დეტონატორი მსოფლიო მართლმადიდებლური პრობლემებისთვის.
თუ ისინი გააგრძელებენ ამ მოქმედებებს, მერე უფრო გამოიკვეთებიან, ჯერ არაფერს არ ვიტყვი," - ამბობს ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, სტეფანე.
ჭყონდიდის ეპარქია ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ, მარტის დასაწყისიდან მოექცა, მაშინ, როცა მრევლის ნაწილსა და ახალ მიტროპოლიტს შორის დაპირისპირება გამწვავდა. კონფლიქტის შედეგი იყო სალხინოში აივნის ჩამონგრევაც, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.