19 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
იძალადა თუ არა სკოლის დირექტორმა 13 წლის მოზარდზე - გარდაბანში მოსწავლე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს

იძალადა თუ არა სკოლის დირექტორმა 13 წლის მოზარდზე? - გარდაბნის რაიონის სოფელ კალინინოში მცხოვრები ბავშვი სკოლის ხელმძღვანელს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს.

არასრულწლოვანი "კურიერთან" ყვება, რომ მსგავსი ფაქტები სისტემატურად ხდება და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება სკოლის ყოველდღიურობის ნაწილია. როგორც მოზარდი განმარტავს, სკოლის დირექტორი სხვა თანაკლასელებს მისი დაცინვისკენ მოუწოდებდა.

რაც შეეხება მიზეზს, თუ რის გამო დაიწყო კონფლიქტი სკოლაში, 13 წლის მოზარდი აცხადებს, რომ მას მოუწია სკოლის რამდენიმე დღით გაცდენა იმის გამო, რომ ყელი სტკიოდა და ტემპერატურა ჰქონდა და მოზარდის თქმით, სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი, რის გამოც სკოლის დირექტორი აგრესიულობით გამოირჩეოდა.

"კლასელებმა დილიდანვე გამაფრთხილეს, რომ დირექტორი შავ დღეს დამაყრიდა. დირექტორმა მათემატიკის გაკვეთილზე გამიყვანა ბავშვების წინ და თავში ჩამარტყა ბეჭდიანი ხელი. ამის შემდეგ წამომაფარა ქუდი და მაიძულა მისი სათვალე გამეკეთებინა, დაიწყო ჩემზე სიცილი და მოუწოდა თანაკლასელებს, რომ დაეცინათ ჩემთვის. თავი ვიგრძენი შეურაცხყოფილად და დავიწყე ტირილი," – განაცხადა მოზარდმა.

მოზარდის დედის თქმით, აღნიშნულის შემდეგ მან დირექტორთან დაკავშირება სცადა, რათა გარკვეულიყო რა მოხდა, თუმცა სკოლის დირექტორმა მას ტელეფონი გაუთიშა.

"ჩემი შვილი დაამცირეს კლასის წინაშე და აიძულეს დამსგავსებოდა აზერბაიჯანული ტელევიზიის კომედიური შოუს ერთ-ერთ პერსონაჟს. ამის შემდეგ ბავშვმა გამომიცხადა, რომ სკოლაში აღარ წავიდოდა. დავურეკე დირექტორს იმის მოსაკითხად თუ რა მოხდა, მან კი გამითიშა," – აცხადებს აინურ ჯაფაროვა.

როგორც თავად სოფელ კალინინოს საჯარო სკოლის დირექტორი აცხადებს, არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

"მე მხოლოდ ვკითხე მას, რატომ არ დადიოდა სკოლაში, სხვა არაფერი მომხდარა," - აცხადებს ზამილა მამედოვა.

დღის ამბები