17 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
ოპოზიცია დმანისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს

ოპოზიცია დმანისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. მმართველი გუნდის ოპონენტების თქმით, მთავრობამ ადგილზე არსებული რისკები სათანადოდ ვერ შეაფასა და  ზომები არ მიიღო.

"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ დმანისში განვითარებული მოვლენები დიდ შეშფოთებას იწვევს და ქვეყნის ინტერესებისთვისა და სამოქალაქო თანხმობისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს.

"ის, თუ როგორც განვითარდა მოვლენები, რა განცხადებებიც გვესმის, რა განწყობაც ტრიალებს, ეს არის უაღრესად შემაშფოთებელი. პირველ რიგში უნდა მოვუწოდოთ შსს-ს და პოლიციის ხელმძღვანელობას, რომ გამოვიდნენ დამკვირვებლის როლიდან. მათი ფუნქცია არის ძალადობის აღკვეთა და აღკვეთა სწრაფად," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"რესპუბლიკური" პარტიის პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია ამბობს, რომ დმანისში არსებული ვითარება მძიმეა და შესაძლოა კონფლიქტი ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. მისივე თქმით, აუცილებელია საქმის სწორი კვალიფიკაცია და დამნაშავეების სწორი იდენტიფიცირება.

ოპოზიციის შეფასებები გაუგებარია "ქართული ოცნებისთვის". უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ შესაბამისმა სამსახურებმა ვითარების განმუხტვის მიზნით ყველაფერი გააკეთეს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია ყველამ ძალიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინოს, ქვეყნისა და თანამოქალაქეების ინტერესები წინ დააყენოს და ამ გზით შეძლონ დმანისში შექმნილი დაძაბულობა.

"ძალიან დიდია ახლა ფასი ყველა განცხადებისა და გამოხმაურებისა, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ იყოს უპასუხისმგებლო. ამას ბუნებრივია სჭირდება სწორი დაგეგმვა და ფრთხილი მიდგომები. ამით, მე ვფიქრობ ძალიან სწრაფად აღდგება ნორმალური მდგომარეობა, რაც არის რასაკვირველია ჩვენი მიზანი," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი მიიჩნევს, რომ დმანისში არსებულ პროცესებში ხელისუფლება უმაღლეს დონეზე უნდა ჩაერთოს, რათა სიტუაცია სასწრაფოდ იქნას დანმუხტული.

"ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ კონფლიქტის წარმოშობის პირველივე კერა იყოს სამართლებრივად სწორად შეფასებული. ყოფითი კონფლიქტი, რომელიც დაიწყო გუშინ ბანალური მიზეზის გამო, დამთავრდეს როგორც ყოფითი კონფლიქტი და არავითარ შემთხვევაში მისი განვრცობა, მით უმეტეს რაიმე სახის ეროვნული, ეთნიკური ელფერით შემოსვა მიუღებელია," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ ყოველგვარი ძალადობა და აგრესია მიუღებელია. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ვითარება დმანისში განიმუხტოს და ტემპერატურამ მაქსიმალურად დაიწიოს, ასევე მისი თქმით, მხარეების პოზიცია მაშინ დაახლოვდება, როდესაც არ მოხდება აღნიშნული საკითხის ზედმეტი პოლიტიზირება.

დმანისში ადგილობრივი მოსახლეობას შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება მეორე დღეა გრძელდება. გუშინ მედიაში გავრცელდა სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებული კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ჩხუბობს მოქალაქეთა ორი ჯგუფი ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიასთან. მაღაზიის გამყიდველის განცხადებით, კონფლიქტი ლუდის "ნისიად" ყიდვის თხოვნას და მასზე უარს მოჰყვა.

ამ დროისთვის დმანისის ცენტრში დარბეულია მაღაზია, ჩამსხვრეულია მინები და დაზიანებულია ავტომანქანები. დღეს ადგილობრივი მოსახლეობის ერთმა ჯგუფმა გუშინდელ დაპირისპირებაში მონაწილე პირების სახლების კარები და ავტომობილები დააზიანა. "კურიერის"ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც.

დღის ამბები