17 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
ეს იყო ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი და მისი შეფუთვა, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება, მიუღებელია - არჩილ თალაკვაძე დმანისის მოვლენებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე დმანისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რეგიონში არსებული კონფლიქტი ყოფით ნიადაგზეა მომხდარი და აღნიშნული ინციდენტის შეფუთვა ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებად ჩვენი საზოგადოებისთვის დამაზიანებელია.

"რა თქმა უნდა, ამ ინციდენტის შეფუთვა და მისი გატანა ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება, არის მიუღებელი და ეს დამაზიანებელია ჩვენი საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ოპონენტების მხრიდან.

მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს იყო ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი და როგორც გითხარით, ჩვენთვის მიუღებელია ძალადობა ნებისმიერ ორ მოქალაქეს შორის. პოლიციასა და სამართალდამცველებს აქვთ საკანონმდებლო ორგანოს სრული მხარდაჭერა, რათა აღსრულდეს კანონი," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დმანისში ადგილობრივ მოსახლეობას შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება მეორე დღეა გრძელდება. გუშინ მედიაში გავრცელდა სათვალთვალო კამერის მიერ დაფიქსირებული კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ ჩხუბობს მოქალაქეთა ორი ჯგუფი ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიასთან. მაღაზიის გამყიდველის განცხადებით, კონფლიქტი ლუდის "ნისიად" ყიდვის თხოვნას და მასზე უარს მოჰყვა.

ამ დროისთვის დმანისის ცენტრში დარბეულია მაღაზია, ჩამსხვრეულია მინები და დაზიანებულია ავტომანქანები. დღეს ადგილობრივი მოსახლეობის ერთმა ჯგუფმა გუშინდელ დაპირისპირებაში მონაწილე პირების სახლების კარები და ავტომობილები დააზიანა. "კურიერის"ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე პოლიციელიც.

დღის ამბები