19 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ, ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ გენერალს ხვალ სამშობლოში ჩამოასვენებენ

გენერალ გიორგი კვინიტაძეს, გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ, საფრანგეთიდან სამშობლოში ხვალ ჩამოასვენებენ.

სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდების შემდეგ, საქართველოს ეროვნულ გმირს საკუთარი ქვეყნის მიწას, სამხედრო პატივით მიაბარებენ. დამოუკიდებელი ქვეყნის გენერალს მთაწმინდაზე სწორედ დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს დაკრძალავენ. კვინიტაძე ქართველთა ისტორიულმა სათვისტომომ, საფრანგეთში მდებარე წმინდა ნინოს ეკლესიიდან სამშობლოში უკვე გამოაცილა.

ეროვნული გმირის გადმოსვენების გარდა, პრემიერის და ყოფილი თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, თავდაცვის სამინისტროში გენერლის ბიუსტიც განთავსდა. ქართული სამხედრო სკოლის შექმნის მთავარი ინიციატორის სახელს ატარებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, რომელიც ქუთაისში მდებარეობს.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს, მთავარსარდალმა კვინიტაძემ მცირე ძალებით გადაწყვიტა თბილისის დაცვა. თავდაცვის სექტორების ჩამოყალიბების შემდეგ მან დედაქალაქზე რამდენიმე შტურმიც მოიგერია. ემიგრაციაში, კონკრეტულად კი საფრანგეთში, რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, მთავრობისა და სარდლობის წარმომადგენლებთან ერთად წავიდა. ის ქვეყნის ისტორიაში დარჩა, როგორც ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი გენერალი.

დღის ამბები