გენერალი გიორგი კვინიტაძის ნეშტი სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული. საქართველოს ეროვნული გმირი საფრანგეთიდან თბილისში დღეს გადმოასვენეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის საპატიო ცერემონიას პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი ესწრებოდნენ.
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, დღევანდელი დღე სიმბოლურია.
"დღევანდელი დღე იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალი, რუსეთ-საქართველოს უკანასკნელი ბრძოლის დროს ყოფილი მთავარსარდალი და საქართველოს ჯარის დამაარსებელი ბრუნდება საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება სწორედ იმდროინდელ რუსეთის მე-11 არმიაზე, დაბრუნება, გამარჯვება, ახალი მომავალი დაბრუნდა დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოში," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თავდაცვის მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდი 22-26 მაისს სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
"ეს არის ისტორიული მოვლენა ჩვენ უახლეს ისტორიაში. 22-26 მაისს, სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი, 26 მაისს გენერლის ნეშტს გადავასვენებთ მთაწმინდის პანთეონში," - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, მისი შეფასებით, გმირის ნეშტი დაუბრუნდა საქართველოს.
"ეს არის დღეები, როცა განსაკუთრებულ, ემოციურ დატვირთვას იწვევს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი გმირის ნეშტი დაუბრუნდა საქართველოს," - განაცხადა კახა კუჭავამ.
საქართველოში იმყოფებიან გიორგი კვინიტაძის ოჯახის წევრებიც. საქართველოს პირველი რესპუბლიკის ჯარების მთავარსარდალს, ეროვნულ გმირს, გარდაცვალებიდან 51 წლის შემდეგ, 26 მაისს, სამშობლოში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
"განსაკუთრებული ემოცია გვეუფლება ჩვენ შვილიშვილებს, რადგან ჩვენი საყვარელი ბაბუა ბოლოს და ბოლოს უბრუნდება საკუთარ სამშობლოს. 4 თაობა საფრანგეთში ვცხოვრობთ და ჩვენთვის იყო სიმამაცის, პატრიოტიზმისა და თავმდამბლობის მაგალითი," - გენერალ გიორგი კვინიტაძის შვილიშვილმა მერაბ ოდიშელიძემ.