სამებაში საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის პანაშვიდი მიმდინარეობს. ნეშტი საფრანგეთიდან თბილისში დღეს, მისი გარდაცვალებიდან 51 წლის შემდეგ გადმოასვენეს.
პარიზი-თბილისის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დილის 11 საათზე დაეშვა. გენერალი გიორგი კვინიკაძე პარიზში მდებარე წმინდა ნინოს ეკლესიიდან საქართველოს ისტორიულმა სათვისტომომ გამოაცილა.
პარიზიდან თბილისში, საქართველოს ოკუპაციის წინააღმდეგ, სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გენერალი შვილიშვილებმა ჩამოაცილეს. შთამომავლები ამბობენ, რომ დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან გენერალი კვინიტაძე საკუთარ მიწას, ემიგრაციიდან 100 წლის შემდეგ დაუბრუნდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის საპატიო ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, საფრანგეთში ასევე ქართველი ემიგრანტების შთამომავალი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.
დღეიდან 26 მაისის ჩათვლით, სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება სამოქალაქო პანაშვიდი. დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გენერალს მთაწმინდის პანთეონში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით, სწორედ დამოუკიდებლობის დღეს დაკრძალავენ. ეროვნული გმირის ნეშთის ჩამოსვენების ცერემონიას პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრიც ესწრებოდნენ.
ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი გენერალი, ემიგრაციაში რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის შემდეგ, ზუსტად 100 წლის წინ წავიდა. მისი ოცნება, დაბრუნებულიყო სამშობლოში გარდაცვალებიდან 51 წლის შემდეგ ახდა.