გასულ ღამით თბილისში, გრიშაშვილის ქუჩაზე მომხდარ დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაიჭრა. გარდაცვლილი ფარზალ კარაევის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა კაცი ორი დაპირისპირებული მხარის კონფლიქტს შეეწირა.
ადგილობრივები "კურიერთან" საუბარში ამბობენ, რომ დაპირისპირება ღამის პირველი საათისთვის დაიწყო, ხელჩართულ ჩხუბს კი წინ ხმამაღალი საუბარი და შელაპარაკება უძღოდა.
ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, კონფლიქტში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა.
რაც შეეხებათ დაზარალებულებს, ისინი მკურნალობას სხვადასხვა კლინიკაში გადიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ექიმები არ ასაჯაროებენ, ვინაიდან ეს ოჯახების კატეგორიული მოთხოვნაა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობით და განზრახ მკვლელობის მუხლებით მიმდინარეობს. ამ დროისთვის სამართალდამცველებმა დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. სხვა პირების იდენტიფიცირების და დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.