"გურია ექსპრესის" გაფიცული თანამშრომლების წინააღმდეგ კომპანიამ სარჩელი შეიტანა და სასამართლოს გაფიცვის არაკანონიერად ცნობა მოსთხოვა.
"არასანქცირებული გაფიცვა არის, ყოველ შემთხვევაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით გაფიცვა არ არის გამოცხადებული. უმთავრეს მოთხოვნაზე, ხელფასთან დაკავშირებით თითქმის ყოველდღე არის კომპანიის ადმინისტრაციასთან საუბარი. ხელფასის მატებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციის მხრიდან უარყოფითი პასუხია," - აცხადებს კომპანია "გურია ექსპრესის" იურისტი აკაკი თოიძე.
ფქვილის გადამამუშავებელი საწარმოს თანამშრომლები უკვე 21-ე დღეა გაფიცულები არიან. ისინი შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, თუმცა ჯერჯერობით მოლაპარაკება კომპანიასა და დასაქმებულებს შორის ვერ შედგა.
"პირობები ისეთი გაუსაძლისია, მუშაობა მძიმეა. ბანკის ვალები გვაქვს ყველას, ოჯახები გვყავს. ვერ ვახერხებთ ამ თანხით ნორმალურადაც კი, რომ გამოვკვებოთ ოჯახი, დელიკატესის და ასეთი რაღაცების ჭამაზე არ არის საუბარი," - აცხადებს აქციის მონაწილე შოთა ნიკოლაშვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, "გურია ექსპრესმა" საწარმოში უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეიყვანა და პროდუქციის ტრანსპორტირებას გეგმავს. ამის დაშვებას კი გაფიცული თანამშრომლები არ აპირებენ.
"აქ ორი ტიპის პრობლემა არის: პირველი, ეს არის შრომის კოდექსის დარღვევა და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის დარღვევა და ასევე, მიზერული ანაზღაურება. კომპანიას შეუძლია, რა თქმა უნდა, მიმართოს სასამართლოს, თუმცა რამდენად კანონიერია პროტესტი, ეს არის სასამართლოს გადასაწყვეტი და ბოლოს სიტყვა სასამართლოს ეკუთვნის. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება გაფიცულ თანამშრომლებს მარტო არ დატოვებს და ჩვენ აღმოვუჩენთ მათ სამართლებრივ დახმარებას," - აცხადებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის კოორდინატორი ირაკლი მხეიძე.