05 მაისი 2024,   14:11
ვრცლად
"ჩრდილოეთ კორეა ევროპაში" - ევროპის ქვეყნები ევროკავშირს ლუკაშენკოს წინააღმდეგ ხისტი პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ

დღეს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ Ryanair-ის​თვითმფრინავის ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შვეიცარიიდან მიიღეს.

ოფიციალური ბერნი ბელარუსის პრეზიდენტის განცხადებას კატეგორიულად ემიჯნება.

პარლამენტისა და მთავრობის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ლუკაშენკომ არ ისაუბრა თუ რატომ დააკავეს ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი მაშინ, როცა ოფიციალური მინსკი ამ დრომდე ამტკიცებს, რომ თვითმფრინავის იძულების წესით დაშვება ბორტზე ბომბის შესაძლო არსებობას უკავშირდებოდა.

რომან პროტასევიჩის უფლებადამცველები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ის სასტიკად ნაცემია. კოლეგების ვერსიით, მისი დაკავება არასამთავრობო მედიასთან თანამშრომლობას უკავშირდება.

პროტასევიჩის შემდეგ, მისი მეგობარი გოგონას, სოფია საპეგას აღიარებითი ჩვენებაც გავრცელდა, სადაც ტელეგრამ არხის რედაქტორი აცხადებს, რომ მან უკანონოდ მოიპოვა და გაასაჯაროვა ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების პერსონალური მონაცემები. ოფიციალურ მინსკს სოფია საპეგა შავ სიაში ჰყავდა შეყვანილი.

ლიეტუვა, ჩეხეთი, პოლონეთი და ევროპის რიგი ქვეყნები ევროკავშირს ლუკაშენკოს წინააღმდეგ ხისტი პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ. ოპოზიციონერი სვეტლანა ციხანოვკაია, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმს გაექცა და ლიეტუვაში ცხოვრობს, აცხადებს, რომ მალე ბელარუსი "ევროპის ჩრდილოეთ კორეად" გადაიქცევა, სადაც მოქალაქეების უკანონოდ დაკავება ყოველდღიურობა იქნება.

შეგახსენებთ, რომ Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიფრინავდა, მინსკში მოტყუებით დასვეს.

თვითმფრინავს მარშრუტი ლიეტუვას საზღვრის გადაკვეთამდე 2 წუთით ადრე, ბომბის ცრუ შეტყობინების საბაბით შეუცვალეს. როგორც აღმოჩნდა, ქმედების მიზანი ბელარუსი დისიდენტი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაპატიმრება იყო, რომელიც იმ დროს ბორტზე იმყოფებოდა. 

დაკავებულ ჟურნალისტს ბელარუსის ხელისუფლება სწორედ ოპოზიციის მხარდაჭერასა და მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს. რომან პროტასევიჩს ბელარუსში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები