01 სექტემბერი 2026,   00:27
ვრცლად
"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები კომპანია "ენკას" გზას ჩაუკეტავენ - გუმათში მთელი ღამის განმავლობაში პოლიციის დამატებითი ძალები იყო მობილიზებული

სოფელ გუმათში გვიან ღამით სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები, სადაც ნამახვანჰესის მონაწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობდა. ტერიტორიაზე მიყვანილი იყო წყლის ჭავლის მანქანები.

შეკრებილები გზაზე აღმართულ ჯებირზე ხელებით აბრახუნებდნენ და რკინის ბარიერების აღებას ითხოვდნენ. ჯებირები პოლიციამ მას შემდეგ დაამატა, რაც აქციის მონაწილეებმა დაბრუნება გადაწყვიტეს. ისინი საკუთარ გეგმებზე უარს არ ამბობენ და დღეს რიონის ხეობისკენ მიმავალი კომპანია "ენკა"-ს ავტომანქანებისთვის გზის ჩაკეტვას აპირებენ.

"სრულად ბლოკირებული იქნება ხეობა მხოლოდ კომპანიისთვის, მოსახლეობას არ შეეზღუდება გადაადგილება," - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ავტოკოლონებით აქციის მონაწილეები თბილისიდან გუშინ დაიძრნენ, ჯერ ქუთაისში ჩავიდნენ და შემდეგ უკვე სოფელ გუმათში შეიკრიბნენ. მოთხოვნები უცვლელია - კომპანია "ენკამ" შეაჩეროს ჰესის მშენებლობა და დატოვოს ტერიტორია, გაუქმდეს მშენებლობის ნებართვა და გადადგეს ეკონომიკის მინისტრი.

 

დღის ამბები