01 სექტემბერი 2026,   05:33
ვრცლად
"გამოკვეთილი სოდომიტების, ღვთისმგმობელების ადგილი ეროვნულ ერთობაში არაა"- გუმათში გურამ ფალავანდიშვილის გამოჩენას ხმაური მოჰყვა

რიონის ხეობაში მობილიზებული არიან სამართალდამცველები. მოხდა მცირე შელაპარაკებაც, დაპირისპრება ადგილზე საზოგადოებრივი მოძრაობის "ზნეობა დაიცავი" დამფუძნებელის გურამ ფალავანდიშვილის გამოჩენამ გამოიწვია. აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ფალავანდიშვილს თბილისში მომხდარი რამდენიმე დაპირისპირება შეახსენა.

ორგანიზატორმა ფალავანდიშვილს განუმარტა, რომ საორგანიზაციო საკითხებში ის ვერ ჩაერევა.

"მე მასწავლით ქრისტიანობას და ჯვარს როდის გადავდებ გვერდით და როდის დავიჭერთ ხელში? ვერ შეგაგნებინეთ შემწყნარებლობა. თუ ხართ ჩვენს ომში, კეთილი ინებეთ და დადექით ჯარისკაცად," - მიმართა მაკა სულაძემ ფალავანდიშვილს.

თავის მხრივ, ფალავანდიშვილმა აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ რიონის ხეობის მოწინააღმდეგეები აქციაზე სიმბოლიკების ტარებას აკრძალავენ.

"პირადად თუ აღკვეთენ სიმბოლიკის ტარებას, ძალიან კარგია. თუმცა ჩემი აზრით, გამოკვეთილი სოდომისტები, ღვთისმგმობელების ადგილი ეროვნულ ერთობასა და მოძრაობაში არ არის. ისინი ამით ჩირქს ცხებენ ამ მოძრაობას," - აღნიშნა გურამ ფალავანდიშვილმა.

ამასთან, საკუთარი მოთხოვნების შესრულებას ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ახლა უკვე სოფელ გუმათში ითხოვენ.

"რიონის ხეობის მცველებს" კარვები სამ ლოკაციაზე აქვთ გაშლილი. ერთ-ერთი არის კომპანია "ენკას" ბაზასთან. მათ კომპანიის ტექნიკისთვის გზა აქვთ ჩაკეტილი, რასაც ადგილზე ხმაური რამდენჯერმე მოჰყვა.

გეგმებთან დაკავშირებით, აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ შეზღუდვა შეეხება მხოლოდ კომპანიის ტექნიკას, სხვა ავტომობილები უპრობლემოდ გადაადგილდებიან. 

"იკეტება ქუთაისიდან ლეჩხუმის მიმართულებით გზა ხეობაში შესასვლელი და ასევე, რაჭის მხრიდან ლეჩხუმში შემოსასვლელი. აღარ რჩება კომპანიას იმის შესაძლებლობა, რომ ზოგადად იმოძრაოს. ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ აქ გადაადგილებაში ხელი შევუშალოთ.

პოლიცია ამ ხეობას არ უკვირს. ყოფილა ხოლმე უპრეცედენტო რაოდენობით. მათი გადასაწყვეტია რამდენად ძალადობრივ მოქმედებებს დაიწყებენ აქ. ჩვენ მშვიდობიანად ვმოქმედებთ და უბრალოდ ვკეტავთ გზის ნაწილს კომპანიისთვის," - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

 

დღის ამბები