დღეიდან კოვიდპანდემიის პირობებში ამოქმედებული რეგულაციების შემსუბუქების მორიგი ეტაპი დაიწყო. იხსნება სახმელეთო საზღვრები, ასევე შემსუბუქება ეხება კვების ობიექტებსაც.
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი გაზრდილ რისკებზე საუბრობს. თენგიზ ცერცვაძის თქმით, იმისათვის, რომ რეგულაციების შემსუბუქებას ეპიდსიტუაციის გაუარესება არ მოჰყვეს, წესები კვლავ ზედმიწევნით უნდა შესრულდეს.
"იხსნება კიდევ რეგულაციები, ეს ეხება სახმელეთო საზღვრებს, სადაც დაახლოებით იგივე წესები იმოქმედებს, როგორც საჰაერო საზღვრებში.
ეს, რა თქმა უნდა, შეიცავს რისკებს, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდეს, მით უმეტეს როცა ჯერ მესამე ტალღა არ არის მთლიანად დაძლეული, მხოლოდ პიკმა გადაიარა, მაგრამ მესამე ტალღა გრძელდება. უნდა ზედმიწევნით შევასრულოთ რეგულაციები და პირველ რიგში ყველამ ვატაროთ პირბადეები," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
რაც შეეხება კვების ობიექტს, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, რესტორნების შიდა სივრცეში ერთ მაგიდასთან 6 პირზე მეტის მომსახურება კვლავ შეზღუდული იქნება.
"უკვე შესაძლებელი იქნება დღეიდან მუშაობა განაახლოს რესტორნებმა. შეზღუდვა კვლავ რჩება ამ შემთხვევაში რესტორნების მიმართ ის, რაც დადგენილი იყო ბოლო თვეების განმავლობაში განსხვავება არის ის, რომ, თუ გარე სივრცეში ერთ მაგიდასთან არაუმეტეს 12 ადამიანი შეიძლება იყოს განთავსებული, შიდა სივრცეებში ეს შეზღუდვა კვლავ რჩება 6 ადამიანით," - აცხადებს ბექა ფერაძე.