19 ნოემბერი 2024,   23:29
ვრცლად
შსს-მ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია - "ნუ წაართმევ ბავშვობას" დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია, სახელწოდებით - "ნუ წაართმევ ბავშვობას" დაიწყო, რომელიც  გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - "გენდერული თანასწორობისთვის" - ფარგლებში, რომელიც შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება ტარდება.
 
უწყების ცნობით, კამპანიის მიზანია ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინება.
 
"ღონისძიებას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის აპარატისა და აღნიშნულ საკითხზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა წარმოადგინა პრეზენტაცია, რომლის მეშვეობითაც სტუმრებმა ინფორმაცია მიიღეს ბავშვობის ასაკში ქორწინების სტატისტიკური მონაცემებისა და კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
 
გარდა ამისა, ბავშვობის ასაკში ქორწინების თემაზე მომზადდა ვიდეო, რომელშიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები საუბრობენ ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკაზე, პრობლემის აღმოფხვრის მიზნით მულტისექტორული მიდგომის განხორციელების საჭიროებაზე და საზოგადებას მოუწოდებენ, თავისი წვლილი შეიტანოს ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლაში.
 
საინფორმაციო კამპანია ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ღონისძიება, მათ შორის, შეხვედრები თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
დღის ამბები