"კურიერმა" ჯერ კიდევ გუშინ გაასაჯაროვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე 4 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიებას მოუწევს "კურიერის" რესპონდენტიც გამოკითხოს, რომელიც იმ უმძიმეს ფაქტებზე საუბრობს, რომელიც წლებია, საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ არსებულ დახურულ დაწესებულებაში ხდება.
პანსიონატს ყოფილი აღსაზრდელის მძიმე ისტორიას გენერალურ პროკურატურასთან აქცია მოჰყვა.
აქციის მონაწილეები პანსიონატის სასწრაფო დახურვას და იქ მყოფი ბავშვების საოჯახო ტიპის დაწესებულებაში გადანაწილებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მოხდა დაპირისპირებაც. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერმა, მოძრაობა "დროას" ლიდერმა პროკურატურაში შესვლა სცადა. ელენე ხოშტარია თანამოაზრეებთან ერთად, საგამოძიებო უწყების დაცვის სამსახურს და საპატრულო პოლიციას შენობაში შესვლას და საქმეზე რეაგირებას სთხოვდა. აქციის მონაწილეებმა შეძახილებით პოლიციის და დაცვის კორდონის გარღვევა სცადეს. დაპირისპირების შედეგად დააკავეს რამდენიმე აქტივისტი.
დღეს განვითარებულ მოვლენებზე საპატრიარქო განცხადებით შემოიფარგლა. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე გამოძიების შესახებ ომბუდსმენის განცხადებიდან შეიტყვეს და საგამოძიებო უწყებებისგან დეტალების გასაჯაროებას ითხოვენ.