02 მაისი 2024,   23:33
ვრცლად
16 წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლებულმა კრიმინალურმა "ავტორიტეტმა" გორში კახა საბანაძის ნათესავი მოკლა

წუხელ, გორში, შეიარაღებული დაპირისპირების დროს შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის ნათესავი მოკლეს. 

45 წლამდე ზურაბ რიკრიკაძეს ადგილობრივები "ტრუტის" მეტსახელით იცნობდნენ. ის წლების განმავლობაში საფრანგეთში ცხოვრობდა. მას სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. "კურიერის" ინფორმაციით, წლების წინ ასევე მოკლეს რიკრიკაძის მამაც. 

ექიმის განცხადებით, დაზარალებული საავადმყოფოში მოყვანიდან მალევე გარდაიცვალა.

"მოიყვანეს ავადმყოფი კრიტიკულ მდგომარეობაში. აღენიშნებოდა გამჭოლი ცეცხლსასროლი ჭრილობა მარცხენა ბარძაყის არეში, შოკური მდგომარეობა, სისხლის მასიური დანაკარგით. ავადმყოფი სასწრაფო წესით გადავიყვანეთ საოპერაციო ბლოკში, რა დროსაც გაუჩერდა გული. მოხერხდა ერთჯერადად გულის ამუშავება, თუმცა, დაახლოებით 15 წუთში განმეორებით გაუჩერდა გული და მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი,"-განაცხადა ექიმმა. 

დანაშაულში ბრალდებულის ვინაობა ცნობილია. მას პოლიცია ეძებს. ჩვენი ინფორმაციით, ბრალდებული კრიმინალური "ავტორიტეტი" შალვა გულიაშვილია, მეტსახელად "სემსოტა". მან სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე კვირის წინ 16 წლიანი პატიმრობის მოხდის შემდეგ დატოვა.

დღის ამბები