ე.წ. პიჯაკების საქმეზე "გრიფით საიდუმლოს" მოხსნას ითხოვენ - შესაბამისი განცხადება ამავე საქმეზე ბრალდებულმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა და მისმა ადვოკატმა ორბელიანების სასახლის წინ გააკეთეს.
ბრალდებულის ადვოკატის, ბექა ბასილიას თქმით, ამ საქმის "გრიფით საიდუმლოდ" გაგრძელების ვადა უკვე ამოწურულია. ამასთან, მისივე შეფასებით, არ შეიძლება პრეზიდენტის ხარჯებს უწოდო გაფლანგვა, როგორც ამას პროკურატურა ამბობს.
"ვითხოვთ, რომ ამ დოკუმენტებს საბოლოოდ აეხსნას გრიფი, ყველაფერს აეხადოს ფარდა და გახდეს ნათელი, რომ საქართველოს პრეზიდენტის ხარჯები არ შეიძლებ იყოს გაფლანგვა. არ შეიძლება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ მთავარსარდლის დავალებების შესრულება ითვლებოდეს დანაშაულად,"-განაცხადა ადვოკატმა.
განცხადება გააკეთა ბრალდებულმა ყოფილმა ჩინოსანმაც. თემურ ჯანაშიას თქმით, აღნიშნულ საქმეზე საიდუმლო გრიფის მოხსნით გამოჩნდება, რომ ბრალდება უსაფუძვლოა.
"საზოგადოება უფრო ნათლად ნახავს, რამდენად მიკერძოებულია და რამდენად რეალობისგან დაცლილია ბრალი, რომელიც 8 წლის განმავლობაში მაქვს წაყენებული,"- განაცხადა თემურ ჯანაშიამ.
პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის, 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვას ედავება.