"არ ვიცი როგორ დავწერო და აზრებს თავი მოვუყარო, დღეს დილით ჩემს ათი წლის გოგონას გაუჩერეს მანქანა და სახლში წასვლა შესთავაზეს," - სავარაუდო მოძალადეზე მცირეწლოვნის დედამ ეს პოსტი ნაძალადევის რაიონის ერთ-ერთი უბნის შიდა ჯგუფში დაწერა. 10 წლის გოგონას დედა მძიმე ისტორიაზე საჯარო საუბარს "კურიერთან" აპირებდა, მოგვიანებით, კი უარი გოგონას მძიმე ემოციური მდგომარეობით ახსნა.
10 წლის ბავშვის დედამ პირად საუბარში "კურიერს" უთხრა, რომ ძალადობის ფაქტის შესახებ პოლიციას დაუყოვნებლივ აცნობა.
"უცნობმა კაცმა ჩემს გოგონას უთხრა, მამაშენის ძმაკაცი ვარ და სახლში მე უნდა წაგიყვანო, თან გაჩერებაზე რაღაც მინდა მოგცეო. ბავშვი ისტერიულად დაშინდა, გაიაზრა, რომ არ უნდა ჩამჯდარიყო უცხო მანქანაში. გოგონებო, მშობლებო ფრთხილად იყავით. ისევ დაძრწიან არაადამიანები. დღეს, თუ ჩემი შვილი შეაშინეს, ხვალ სხვისი იქნება. გთხოვთ ყველას, დაარიგეთ თვენი შვილები," - წერს გოგონას დედა.
არასრულწლოვანზე სავარაუდო ძალადობის შემთხვევა ნაძალადევის რაიონში დასახლებასთან მოშორებით, მეორეხარისხოვან გზაზე დღის 12 საათზე მოხდა. მიმდებარე ტერიტორიაზე 3 სკოლა და ერთი ბაღია. ბავშვები აქ ხშირად, მშობლების გარეშეც მოძრაობენ. ტერიტორიაზე ქუჩის სათვალთვალო კამერები არ არის. ავტომობილი, სადაც საეჭვო ქმედებაში მხილებული მამაკაცი იჯდა, შესაძლოა, სკოლის შენობაზე დამონტაჟებულ კამერას დაეფიქსირებინა.
10 წლის გოგონას მიმართ სავარაუდო დანაშაულის შესახებ ნაძალადევის რაიონში თითქმის ყველამ იცის. დაშინებული მშობლები ფაქტზე რეაგირებას ითხოვს.
მოზარდის დედამ "კურიერთან" პირად საუბარში დაადასტურა, რომ გამომძიებელმა უკვე გამოკითხა და სავარაუდო დამნაშავის ამოცნობის მიზნით, ბავშვს რამდენიმე ავტომობილის ფოტოც აჩვენეს. ნაძალადევის რაიონის მსგავსად, სავარაუდო მოძალადე დიდ დიღომშიც შენიშნეს, რაზეც "კურიერმა" რეპორტაჟი რამდენიმე დღის წინ მოამზადა და ინფორმაცია შესაბამის უწყებებსაც მიაწოდა.
ავტორი: ხათუნა გაგნიძე