19 ნოემბერი 2024,   22:32
ვრცლად
სოფელ თხინვალაში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყობა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სოფელ თხინვალაში, მუნიციპალური ტერიტორიიდან, რომლის გასხვისებაც მოხდა, გარკვეული მოცულობა ახალი სკვერის მოწყობას დაეთმობა.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მოსახლეობის თხოვნა იქნა გათვალისწინებული და აღნიშნულ ტერიტორიაზე ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყობა.

"სოფელ თხინვალაში გვქონდა მუნიციპალური ტერიტორია, რომლის გასხვისება მოვახდინეთ. ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნა იყო, რომ არსებულ ტერიტორიაზე გაკეთებულიყო სკვერი. მინდა, მადლობა გადავუხადო ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ნოდარ ტურძელაძეს. მისი აქტიური  ჩართულობითა და ჩვენი თანამშრომლების მონაწილეობით, მოსახლეობასთან  შედგა ხშირი კომუნიკაცია. შედეგად, ამ მუნიციპალური მიწის ნაკვეთიდან გარკვეული მოცულობა ახალი სკვერის მოწყობას დაეთმობა. აღნიშნულ ადგილას ვაკის რაიონის გამგეობა მოაწყობს სკვერს, რომელიც გიორგი ანწუხელიძის სახელობის იქნება. თუ სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში გამგეობას რაიმე პრობლემა შეექმნება, ჩვენი ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მზადაა, მაქსიმალური თანადგომა გამოგიცხადოთ, რომ პროექტი განხორციელდეს," - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, გიორგი ანწუხელიძე სოფელ თხინვალას ხშირად სტუმრობდა, სადაც მის შვილებს სახლი დღესაც აქვთ.

"როგორც იცით, გიორგი ანწუხელიძე ხშირად სტუმრობდა სოფელ თხინვალას, სადაც მისი დედა, ლილი ანწუხელიძე ცხოვრობდა. ჩვენი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილებს - ლევანს და ანას დღესაც აქვთ სახლი თხინვალაში და მათ ექნებათ შესაძლებლობა, გმირი მამის სახელობის სკვერში დაისვენონ. ძალიან ლამაზი სივრცე იქნება. ახლოს არის სპორტული მოედანიც და თუ მისი რეაბილიტაცია იქნება საჭირო, მასაც განვაახლებთ," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები