02 სექტემბერი 2026,   11:55
ვრცლად
რას ედავება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სამართალდამცველებს, რომლებიც პოლიციის შენობიდან მამაკაცის გადახტომის ფაქტს შეესწრნენ - ინციდენტის დეტალები

რას ედავება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სამართალდამცველებს, რომლებიც პოლიციის შენობიდან მამაკაცის გადახტომის ფაქტს შეესწრნენ - ინსპექტორის სამსახური იძიებს, თუ რამდენად ჰქონდა ადგილი შემთხვევისას კონკრეტული პოლიციელების მიერ გულგრილობის ფაქტს.

"კურიერის" ინფორმაციით, მიუხედავად გამოძიების მიმდინარეობისა ის სამართალდამცველები, რომლებიც ინციდენტს შეესწრნენ, უფლებამოსილება არ შეჩერებიათ და აგრძელებენ პოლიციაში მუშაობას, თუმცა მიმდინარეობს მათი დაკითხვა.

"გამოძიების დაწყებისთანავე დაუყოვნებლივ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომლის ფარგლებშიც ამოღებული იქნა გამოძიებისთვის საინტერესო კვლები და ნიმუშები, რომელზეც ამ ეტაპისთვის ინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.

შესაძლო გულგრილობის ფაქტზე არის გამოძიება დაწყებული. ამ ეტაპისთვის გამოკითხულია ფაქტთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის პოლიციის თანამშრომლები," - აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი ირაკლი კაჭკაჭიშვილი.

კრიტიკულად მძიმეა მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც პოლიციის შენობიდან გადახტა. შემთხვევა გუშინ, წერეთლის გამზირზე მოხდა. 46 წლის ლევან გაჩეჩილაძე პოლიციის განყოფილებაში ყოფილი მეუღლის საჩივრის საფუძველზე, შემაკავებელი ორდერის გამოწერისთვის იმყოფებოდა. პროცედურების მიმდინარეობის დროს კი ის მოულოდნელად შენობის მეორე სართულიდან გადახტა. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო.

დღის ამბები