07 მაისი 2024,   03:44
ვრცლად
"აზიელი ვენერა" - ირანის დედოფალი ფავზია, რომელსაც ხშირად ამსგავსებდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავებს

ეგვიპტის პრინცესა ფავზიას ცხოვრება ბევრი რამით ჰგავდა ზღაპარს. ლამაზი პრინცესა, ფილმის ვარსკვლავის გარეგნობით, რომელსაც ხშირად ადარებდნენ მისი დროის ლამაზ ქალებს - ჰედი ლამარს და ვივიენ ლის, ალექსანდრიაში მზრუნველ გარემოში გაიზარდა. ცნობილმა ფოტოგრაფმა სესილ ბიტონმა, რომელმაც მას 1942 წელს "თაიმისთვის" ფოტო გადაუღო, "აზიელ ვენერად" მოიხსენია.

თუმცა, ფავზია ფუადის ცხოვრება არც ისე მარტივი აღმოჩნდა - ცხოვრების ბოლო წლებში ამბობდა, რომ დაკარგა არა ერთი, არამედ - ორი გვირგვინი. 

ფავზია 1921 წლის 5 ნოემბერს დაიბადა, ის ეგვიპტისა და სუდანის სულთნის, ფუად I-ის უფროსი ქალიშვილი იყო. მისი დედა სულთნის მეორე ცოლი იყო, ნაზლი საბრი. შავი თმითა და ლურჯი თვალებით ის ეგვიპტურ - ალბანური წარმოშობის ნაზავი იყო. განათლება შვეიცარიაში მიიღო და თავისუფლად საუბრობდა არაბულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. 

ფავზიას ქორწინება დაფუძნებული იყო პოლიტიკურ და რელიგიურ ერთობაზე. ის სუნიტი სამეფო ოჯახის წევრი იყო, მისი ქმარი კი - შიიტი პრინცი რეზა ფაჰლევი. მათი დაქორწინება მუსულმანური რელიგიის ორივე მიმართულების შეერთება იყო. ეს იყო აქტი, ეჩვენებინათ ხალხისთვის, რომ განსხვავება არ არსებობს. 

მალე ის ირანის დედოფალი გახდა, თუმცა ხანმოკლე ქორწინების განმავლობაში მას ბევრი დეპრესიული ეპიზოდი ჰქონდა, უმკლავდებოდა ანორექსიასაც

თეირანში ცხოვრება ფავზიასთვის რთული აღმოჩნდა, საბოლოოდ, 1945 წელს კაიროში დაბრუნდა, ორივე ქალიშვილი და ქმარი ირანში დატოვა. მოგვიანებით წყვილი დაშორდა. 1949 წელს მან მეორედ იქორწინა - ამჯერად ფავზიას რჩეული პოლკოვნიკი ისმაილ შირინი იყო. 

1952 წლის რევოლუციის შემდეგ პრინცესა ფავზია ეგვიპტეში ცხოვრობდა. 2013 წელს, 91 წლის ასაკში ის ალექსანდრიაში გარდაიცვალა. ის კაიროში, მეორე ქმრის გვერდით დაასაფლავეს. 

დღის ამბები