19 ნოემბერი 2024,   22:38
ვრცლად
"პოლიციაში ბავშვები შევიდნენ, ჩანაწერები სად გაქრა?" - ურეკში სამართალდამცველებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული პირები დანაშაულს არ აღიარებენ

ურეკში სამართალდამცველებზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული არცერთი პირი დანაშაულს არ აღიარებს. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ია ბარამიძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ცამეტივე დაკავებული პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მიუღებელია ბრალდებულების ოჯახის წევრებისთვის.

"პოლიციაში ხომ არის ჩანაწერები, არ არის გამქრალი. ჩანაწერებს ვითხოვთ ჩვენ, ადვოკატებმაც უნდა მოითხოვონ ჩანაწერები. პოლიციაში ბავშვები შევიდნენ, ჩანაწერები სად გაქრა," - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელი.

დაკავებულების ოჯახის წევრები მომხდარის საკუთარ ვერსიას ჰყვებიან. იხსენებენ, რომ 2 დღის წინ მეგობრები დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა და ცეცხლის ქრობის პროცესში მონაწილეობდნენ.

პოლიციამ ერთ-ერთი პირი შემთხვევის ადგილიდან ჯერ განარიდა, შემდეგ კი ადმინისტრაციული წესით დააკავა. ადგილზე დარჩენილი 13 პირი, მეგობრის მდგომარების გასარკვევად პოლიციის შენობასთან მივიდა.

დაკავებულების ადვოკატები გამორიცხავენ, რომ დაკავებულებს პოლიციასთან მისვლის შემდეგ თავდასხმა განეხორცილებინათ და მიიჩნევენ, რომ მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. დაცვის მხარის მტკიცებით, ბრალდებამ პროცესზე მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა და ვერც მომავალში წარადგენს.

პროცესს ონლაინ ფორმატში ესწრებოდა საქმის პროკურორი. სახელმწიფო ბრალმდებელი 13 პირს პოლიციის შენობაზე თავდასხმას, პოლიციელების მიმართ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება. მოტივად კი, ადმინისტრაციული წესით დაკავებული მეგობრის გათავისუფლება სახელდება.

დღის ამბები