01 სექტემბერი 2026,   08:59
ვრცლად
ზღვაზე მობილობის გაზრდა სარისკოა, შესაძლოა მე-4 ტალღა აგვისტოში მივიღოთ - ეპიდემიოლოგები მოსახლოებას აფრთხილებენ

აგვისტოში "ინდური შტამი" "ბრიტანულს" თითქმის მთლიანად ჩაანაცვლებს - ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები მოსალოდნელ ცვლილებაზე საუბრობენ და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

მედიკოსები ბოლო 10 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით არსებულ მდგომარეობას საყურადღებოდ მიიჩნევენ. მათი დაკვირვებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კლებისკენ მიდის, თუმცა იზრდება ინფიცირებულთა დღიური რაოდენობა.

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტის ეკა ჭოლაძის განცხადებით, თუ "ინდური" შტამი უფრო მარტივად გადაეცემა და ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, შედარებით უფრო აგრესიული ფორმით გამოირჩევა ახალგაზრდა ასაკის პაციენტებში, ამ შემთხვევაში მოსახლეობას სიფრთხილე მართებს.

"ყველამ უნდა გააკეთოს ის, რომ ეს პიკი ავიცილოთ, ყველა ღონისძიება უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ ის ახალი ტალღა იყოს ნაკლებ მტკივნეული, ნაკლები ინფიცირებული რაოდენობა, რომ არ დარჩეს პაციენტი ჰოსპიტალიზაციის გარეშე," - განაცხადა მედიკოსმა.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტის ალექსანდრე გოგინავას განმარტებით, ზღვის სეზონიდან გამომდინარე საკურორტო რეგიონებში მობილობა გაიზრდება, რამაც შესაძლოა ეპიდსიტუაციის გაუარესება გამოიწვიოს.

"რთული სათქმელია ზუსტად როდის იქნება მეოთხე ტალღა, მაგრამ, თუ ჩვენთან რეკომენდაციები არ იქნება დაცული, რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება ეპიდსიტუაციის გაუარესება მივიღოთ ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო, ანუ მივიღოთ აგვისტოს პერიოდში," - განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში - 1400-მდე პირი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 11 კოვიდ-პაციენტი.

დღის ამბები