ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო დაკავებულ ხუთ პირს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში ბრალის დადგენილება გააცნეს და ისინი სავარაუდოდ რუსთავში გადაიყვანეს.
დაკავებულთა ახლობლები კი აყვანის პროცესის დროს სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ და ამასთანავე მათი ოჯახის წევრების ქურდულ სამყაროსთან კავშირს უარყოფენ.
"ბავშვები არ შემიშინო, ცოტა ხანი მაცადე, გადავიცვა ხალათი-თქო, ორი სიტყვაც არ მაცადეს, დასცხეს და შემოანგრიეს," - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის ოჯახის წევრი.
კიდევ ერთი დაკავებულის ახლობელი ამბობს, რომ სამართალდამცავების ინფორმაციით, საქმეზე პოლიცია იანვრიდან მუშაობდა. როგორც ის აცხადებს, მარტის თვეში მისი ოჯახის წევრი თავდასხმის ობიექტი გახდა, რისი თავიდან არიდებაც პოლიციას შეეძლო. "კურიერის" ინფორმაციით, საქმე ეხება გაზაფხულზე გორის ცენტრში მომხდარ სროლას, რა დროსაც დაიჭრა ერთ-ერთი დაკავებული პირი. მან შემდეგ არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და სურდა, რომ კრიმინალური სამყაროს ჩართულობით მოეგვარებინა ეს კონფლიქტი.
"12 იანვარს გვქონდა დაგეგმილიო და თუ ასეთი კრიმინალი იყო 12 იანვარს დაეჭირათ და ნუ მისცემდნენ იმის უფლებას რომ დაეჭრათ, ნახევარი აღარაფერი არ აქვს შიგნით, მე არ ვიცი მაგას რა ეშველება," - აცხადებს ის.