26 მაისი 2024,   22:02
ვრცლად
"კახა ბურჯანაძემ დაწვა საკუთარი ავტომობილი, რომელიც სამართავად ქალს ჰქონდა და არ უბრუნებდა" - დაკავებული დეპუტატის ადვოკატი

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი მანქანის დაწვის ფაქტს აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ ავტომობილი მისი საკუთარებაა და მხოლოდ დროებით მართვაში ჰქონდა გადაცემული მეპატრონეს. ბურჯანაძე პოლიციაში თავად მივიდა, გამოკითხვის შემდეგ კი მისი დაკავება მოხდა. კახა ბურჯანაძე "ევროპული საქართველოს" წევრია.

"კახა ბურჯანაძემ დაწვა საკუთარი ავტომობილი. შემდგომ აღიარებით გამოვცხადდით პოლიციაში, სადაც აღმოჩნდა, რომ გამოძიება დაწყებული იყო 187-ე მუხლით, შესაბამისად მოხდა კახას დაკავება. ჩვენ ხელს ვუწყობთ გამოძიებას, ვთანამშრომლობთ. იგი ამბობს, რომ ავტომანქანა ეკუთვნის მას, სამართავად გადაცემული ჰქონდა ერთ-ერთ ქალბატონზე, რომელიც კახას არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არ აბრუნებდა ავტომანქანას, ამიტომ გადაწყვიტა კახამ, რომ დაეწვა,"- ამბობს ადვოკატი თამარ თედლიაშვილი.

"პოლიტიკური სარჩული არაფერს არ აქვს, ეს არის მხოლოდ პირადული. ვიცი, რომ მანქანასთან დაკავშირებით არის პრობლემა. მარი არ არის პარტიის წევრი, აქტივისტია და პირადული დაპირისპირება ჩვენ არ გვეხება,"- აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ეთერ ჯალაღანია.

შეგახსენებთ, პოლიცია გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს კახა ბურჯანაძეს ბრალდება სხვისი ნივთის განადგურებას ედავება.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ივლისს, ქალაქ გორში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდგომ ავტომობილს, ამავე ავტომობილის მფლობელთან მ.კ-სთან არსებული უთანხმოების ნიადაგზე ცეცხლი წაუკიდა.
 
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს.
 
ავტორი: ხათუნა გაგნიძე
დღის ამბები