ზაფხულის სეზონზე ბავშვების ავადმყოფობის მიზეზი ხშირად ენტეროვირუსი ხდება. პირღებინება, ფაღარათი, მაღალი ტემპერატურა - ეს იმ სიმპტომების ჩამონათვალია, რომელიც აღნიშნულ დაავადებას ახასიათებს.
აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციონისტი, მეგი კობახიძე ამბობს, რომ კვებითი ინტოქსიკაციის დროს, ისევე როგორც ვირუსული ინფექციის დროს, დამახასიათებელია მუცლის ტკივილი, დიარეა, პირღებინება. თუმცა მისი თქმით, იმისთვის, რომ მოხდეს დიფერენცირება რასთან გვაქვს საქმე -ვირუსულ, თუ ბაქტერიულ ინტოქსიკაციასთან, ამისთვის აუცილებელია ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება.
"არის დაავადებები განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, რომლებიც მიმდინარეობს დიარეით, ანუ ფაღარათით, მისი გამომწვევი შეიძლება იყოს როგორც ვირუსული აგენტები, ასევე ბაქტერიული და ასევე პარაზიტული აგენტები. ეს გამოწვევები როდესაც მოხვდებიან ადამიანის ორგანიზმში, ბავშვებში თუ მოზრდილებში, იწვევენ სხვადასხვა სიმპტომებს. ეს არის დიარეა, ეს შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი, შეუპოვარი ღებინება, ტემპერატურული რეაქცია, რაც განსაკუთრებით საყურადღებოდ შეიძლება იყოს ბავშვებში, ხანდაზმულებში და იმუნოკომპრომატირებულ პირებში, რომლებშიც უფრო სირთულესთან გვაქვს საქმე, უფრო გახანგრძლივებული მიმდინარეობა აქვთ ხოლმე და ამ შემთხვევაში, საჭიროა რომ დროულად მოხდეს სამედიცინო პერსონალის მიერ ადეკვატური დახმარება, რომ შემდგომ სიცოცხლესთან რაიმე შეუთავსებელი გართულება არ განვითარდეს," - ამბობს ინფექციონისტი.
რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში, თუ ბავშვს შეუპოვარი პირღებინება და დიარეა აქვს - ინფექციონისტის თქმით, უპირველესად, უნდა მოხდესპაციენტის დიდი რაოდენობით სითხით დატვირთვა, რათა ორგანიზმმა დანაკარგი აინაზღაუროს და არ მოხდეს ბავშვის დასუსტება.
"ბავშვები უფრო მგრძნობიარენი არიან გაუწყლოების მიმართ. შეუპოვარი ღებინება და დიარეა იწვევს დიდი რაოდენობით სითხის და ელექტროლიტების დაკარგვას, რაც ბავშვებში ეს განსაკუთრებით მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, როგორც კი მშობელი შენიშნავს, რომ ბავშვს აქვს დიარეა, აქვს ღებინება და არის ტემპერატურული რეაქცია, აუცილებლად უნდა მოხდეს დიდი რაოდენობით სითხის მიღება, რომ მოხდეს დანაკარგის მაქსიმალურად შევსება.
იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ვერ იღებს ამ სითხეს, ამ შემთხვევაში საჭიროა გადასხმა, რომ ეს დანაკარგი შეივსოს და არ მოხდეს დეჰიდრატაცია, რომ არ მოხდეს ბავშვის გამოფიტვა, მივარდნილობა და შემდგომ სხვადასხვა გართულებები არ გამოიწვიოს," - ამბობს მეგი კობახიძე.
რა სიმპტომების გამოკვეთილი გამოხატულება უნდა ჰქონდეს ბავშვს, რომ მისი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა დადგეს?
"შეიძლება იყოს მივარდნილი, შეიძლება იყოს ძილიანობა, ამ ყველაფერთან ერთად იყოს ცხელება, ენა არის გამომშრალი და კონტაქტში გაძნელებულია ბავშვის შემოსვლა და ეს ყველაფერი არის ის საგანგაშო სიმპტომები, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, რომ ჩატარდეს ადეკვატური დახმარება," - ამბობს მეგი კობახიძე.
როგორ უნდა შეძლოს მშობელმა დაავადების განვითარების პრევენცია - ინფექციონისტი ამბობს, რომ ამისათვის პირველ რიგში საჭიროა ჰიგიენის დაცვაა.
"პრევენცია არის ის რომ მშობლებმა მაქსიმალურად უნდა დაიცვან ჰიგიენის წესები ბავშვების შემთხვევაში. ხელების ხშირი დაბანა, საკვები იქნება ეს ხილი, ბოსტნეული თუ სხვა სახის საკვები, არ უნდა იყოს დაბინძურებული და არ უნდა იყოს გაფუჭებული, რომ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი პატარები ამ დაავადების განვითარებისგან," - განაცხადა ინფექციონისტმა "რუსთავი2-ის" გადაცემა - "დილა მშვიდობისა საქართველოში".