19 მაისი 2024,   09:08
ვრცლად
ამ წუთებში "TV პირველის" ოპერატორისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში "TV პირველის" ოპერატორისთვის, ლევან ბრეგვაძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასა და სხვა მოქალაქის დევნის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულების, ვანო ბურდულისა და დავით ქოჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

ერთ-ერთი ბრალდებულის ვანო ბურდულის ადვოკატის, თორნიკე გვენეტაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და ბრალს არ აღიარებს.

"არ აღიარებს დანაშაულს, იმიტომ რომ საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც თუნდაც ამ შემთხვევაში დასაბუთებული ვარაუდით მაინც დაადასტურებდა, რომ ჩემმა კლიენტმა ჩაიდინა დანაშაული და შესაბამისად, დღეს არ დავეთანხმებით პატიმრობას. გირაოს დავეთანხმებით, 7 000-ს ვფიქრობთ.

ვიდეომასალა წარმოდგენილია, გავეცანით, მაგრამ არაფერი არ ჩანს, რომ ჩემი კლიენტი ძალადობს," - განაცხადა ადვოკატმა თორნიკე გვენეტაძემ.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, პროკურორის ნათია გურულის განცხადებით, საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები სწორედ ორგანიზატორების დადგენის მიმართულებით.

"საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება და მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები სწორედ ორგანიზატორების დადგენის, მათი მამხილებელი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით და ასევე ორგანიზებულ, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე სხვა პირთა იდენტიფიცირებისთვის," - განაცხადა პროკურორმა და დასძინა, რომ ამ ეტაპზე გამოძიების ვერსიებზე ვერ ისაუბრებს, რადგან ეს გამოძიების ინტერესებს დააზიანებს.

 

ავტორი: ხათუნა გაგნიძე

დღის ამბები