03 სექტემბერი 2026,   08:00
ვრცლად
ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად დღეს მიენიჭათ - მთავარ სამმართველოში "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი მარიკა გოცირიძე და ოპერატორი ზურაბ მანაგაძე დაიბარეს

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში მედიის წარმომადგენლების გამოკითხვა გრძელდება.

სამართალდამცველები ამ დრომდე სწავლობენ ყველა იმ ვიდეომტკიცებულებას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარედგინა.

ვიდეო მტკიცებულებების გამოკვლევაში მონაწილეობენ დაშავებული ჟურნალისტები და ოპერატორები.

დღესვე, მედიის წარმომადგენლებს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭებათ.

"ჩემი დაბარების მიზეზი არის პროცედურული საკითხი. ხელი უნდა მოვაწერო დაზარალებულად ცნობის დადგენილებას, რის შემდეგაც ადვოკატთან ერთად მექნება საშუალება გავეცნო საქმის მასალებს და მქონდეს წვდომა რა ეტაპზეა გამოძიება,"- აღნიშნავს "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი მარიკა გოცირიძე.

"რუსთავის 2-ის" იურისტის ნინო ბარაჩაშვილის ინფორმაციით, თბილისს პოლიციის მთავარ სამმართველოში დაბარებულია "რუსთავი 2-ის" ოპერატორი ზურაბ მანაგაძეც, რომელთან ერთადაც, მოხდება 5 ივლისს გადაღებული ვიდეომასალის დათვალიერება.

5 ივლისის ძალადობის ფაქტზე დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს "ფორმულას" ჟურნალისტებსაც, რომლებიც ასევე დღეს თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში იმყოფებოდნენ.

"მომანიჭეს დაზარალებულის სტატუსი. მანამდე მე და ჩემი ოპერატორი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში ვიმყოფებოდით, სადაც 5 ივლისის თავდასხმის დეტალები გავიხსენეთ. ჩვენს ეპიზოდში მონაწილეობდა დაახლოებით 50-60 ადამიანი,"- ამბობს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი ლუკა ხაჩიძე.

5-6 ივლისის ძალადობის ფაქტზე, ამ დროისთვის რადიკალური დაჯგუფების 25 წარმომადგენელია დაკავებული, მათ შორის 20 ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით.  

 

ავტორი: ხათუნა გაგნიძე

დღის ამბები