შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური "ღამის კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ მისთვის "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გამოსვენების კადრების ნახვა ძალიან მძიმე იყო და ასევე, ძალიან მძიმე იყო გადაწყვეტილება, პრესკონფერენციებზე გაეშვათ კადრები, სადაც ლექსო ლაშქარავას გადაადგილება იყო ნაჩვენები.
"ძალიან მძიმე სანახავი იყო მისი დაკრძალვის კადრები. ასევე, მძიმე იყო ჩემთვის, პირდაპირ გეტყვით, თუნდაც იმ კადრების გაშვება, რაც ბრიფინგებზე მოგვიწია და იძულებულნი გავხდით, მერწმუნეთ, არანაირი სურვილი არ გვქონდა არც მე, და არც ჩვენ თანამშრომლებს - მოადგილეებს და ხელმძღვანელ პირებს, რომ ეს გაგვეშვა და ენახათ მის ოჯახის წევრებს, მის დედას და მის შვილს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე მოგვიწია. იქიდან გამომდინარე მოგვიწია, რომ საზოგადოება ითხოვდა ინფორმაციის გაჟღერებას, თუ რა მოხდა, რა მოუვიდა ამ ადამიანს, ბევრი მოქალაქე გვთხოვდა პასუხს, ძალიან აიწია ტემპერატურამ და იძულებულნი გავხდით. რაც გვქონდა ჩვენ სწრაფად, რაც ვიმუშავეთ, მთელი გუნდი ჩართული იყო და იძულებულები გავხდით, ეს ინფორმაცია მიგვეწოდებინა ხალხისთვის.
პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო ამ ეთერით და კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარება გამოვხატო ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე. ძალიან მძიმე ფაქტი იყო, ძალიან ცუდია, რაც მოხდა და კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს. რაც შეეხება კითხვებს - ჩვენც ზუსტად მანდ ვართ, რომ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ჟურნალისტებზე იძალადა. ჩვენც იმავეს მოვითხოვთ და იმავეს ვაკეთებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ზუსტად, გამოძიებიდან გამომდინარე, რომ არავინ დარჩეს დაუსჯელი, ვინც იძალადა ჟურნალისტებზე. ამას ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, ჩვენც და ჩვენი გუნდიც, ამ მიმართულებით მივდივართ", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.