საერთაშორისო სწავლება Agile Spirit 2021 ოფიციალურად დღეიდან იხსნება. გენერალური რეპეტიცია ჯარისკაცებმა უკვე გაიარეს.
საიუბილეო საერთაშორისო სწავლების ოფიციალურად დაწყებისთვის საბოლოო დეტალები გენერალურ რეპეტიციაზე შეჯერდა და დაზუსტდა. რეპეტიცია სწავლების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ და მისმა ამერიკელმა თანახელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა კრის მარშალმა ჩაიბარეს.
Agile Spirit 2021-ში ნატოს წევრი 12 და პარტნიორი 3 ქვეყნის 2500-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს. უცხოელი სამხედროები საქართველოში საერთაშორისო წვრთნებისთვის საჰაერო და საზღვაო გზებით ჩამოვიდნენ; ფოთის პორტში სწავლებაში მონაწილეობისთვის შემოვიდა ამერიკული ტექნიკით დატვირთული გემიც .
სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფებში COVID 19-ის გავრცელების პრევენციისთვის ყველა რეგულაციაა შემუშავებული. სწავლებაში მონაწილე ქართველმა სამხედროებმა COVID 19-ის ვაქცინირების მიუხედავად, ორკვირიანი კარანტინი გაიარეს, უცხოელმა სამხედროებმა კი, ორკვირიანი კარანტინი თავიანთ ქვეყნებში გაიარეს და საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, პირდაპირ სწავლების ჩატარების რაიონებში გადავიდნენ.