კორონავირუსით დაინფიცირებულთა დღიური რაოდენობა ქვეყანაში საკმაოდ სწრაფად იზრდება. კრიტიკულ ზღვარზეა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. მედიკოსების განმარტებით, ქვეყანა კიდევ ერთ ჩაკეტვას ვეღარ გაუძლებს, თუმცა სავარაუდოდ, ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის პარალელურად ე.წ. ლოქდაუნის საჭიროება დადგება.
არსებული მდგომარეობის მიუხედავად, სახელმწიფო შეზღუდვების შემოღებაზე კვლავ უარს აცხადებს და სიტუაციიდან გამოსვლის გზად მასობრივ ვაქცინაციას ასახელებს.
"მე ამ მდგომარეობას დავარქმევდი კატასტროფულს, SOS მდგომარეობას. ძალიან სერიოზულ პრობლემამდე მივალთ, ეს არის სტარტი იმ ცუდი პოზიციისა, რომელსაც ჩვენ, ექსპერტები და სპეციალისტები ველოდებით. მე არ ვამბობ იმას, რომ ლოქდაუნია აუცილებელი. ლოქდაუნს ჩვენ ვეღარ გავუძლებთ, უბრალოდ აუცილებელია ის, რომ თავი შეიკავოს ყველამ სხვადსხვა ტიპის ღონისძიებებისგან, თუნდაც მიტინგებისგან,“ - აცხადებს დევი ტაბიძე.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი, ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი ვარაუდობს, რომ 2-3 კვირაში სამედიცინო სერვისების გადატვირთვა მოხდება.
"დელტა შტამი შეიძლება ითქვას, რომ დომინანტური შტამია, შემთხვევათა უმრავლესობა მოდის მასზე და უახლოეს პერიოდში მისი რაოდენობა მიაღწევს 80-90%-ს მთლიანი კორონავირუსით დაავადებულთა შემთხვევებისა. 2-3 კვირაში ქვეყანაში იმდენი ინფიცირებული დაგროვდება, რომ გადაიტვირთება სამედიცინო სერვისები და გართულდა ამ მხრივ ინფექციის მართვა. სამწუხაროდ, საჭიროება დადგება იმისა, რომ მოხდეს ჩაკეტვა,“ - აცხადებს ოთარ ჩოკოშვილი.